,,ნიუპოსტი" სასჯელაღსრულების, განათლებისა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:
_საპრეზიდენტო არჩევნების ანალიზს თუ გავაკეთებთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თქვენ დაინახავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ", მიუხედავად დიდი პრესისა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის გენერალური მდივანი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა უკვე 6 თვეა იმყოფება ციხეში და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში და შესაბამისად, არ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, პარტიამ შეინარჩუნა თავისი ბაზისური ელექტორატი. მე ხშირად ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ნაცმოძრაობის ბაზისური ელექტორატი შეადგენს 1/3-ს და პარტიამ შეძლო ამ ბაზისური ელექტორატის მინიმუმ 75% შეენარჩუნებინა, რაც არის ძალიან მნიშვნლეოვანი ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ეს ერთი და მეორე, თქვენ თუ გაანალიზებთ ცალკეული პარტიების შედეგებს დაინახავთ, რომ მიუხედავად კოალიციის უფრო მაღალი შედეგისა, ეს არ არის ცალკე აღებული არცერთი ლიდერის ან პარტიის, არამედ ეს არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის შედეგი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გადავხედავთ როგორც კოალიციას, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს, თქვენ დაინახავთ, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი ბაზისური ელექტორატის ხარჯზე რჩება სწორედ ,,ნაციონალურ მოძრაობას". ამას ძალიან კარგად ხედავს თავად პრემიერ-მინისტრიც და მომავალი პრემიერი მის მიერ დასახელებული იყო არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ, რადგან ის ელოდებოდა შედეგს და ამ შედეგის მიხედვით იქნა სწორედ დასახელებული ყველაზე გავლენიანი და კაბინეტში ყველაზე ძლიერი მინისტრი, ამავდროულად ყველაზე ლოიალური ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
_სწორედ ირაკლი ღარიბაშვილზე მინდა გკითხოთ, ანუ თქვენ აღნიშნავთ, რომ ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პირია მინისტრთა კაბინეტში. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილის დანიშვნით პრემიერი საკუთარი გუნდის გაძლიერებას იწყებს.
_ამას აქვს ორი მხარე, ერთია, რომ ის აძლიერებს გუნდს და მეორე მხრივ ამას მინუსიც აქვს. ბიძინა ივანიშვილი არ ტოვებს მანევრირების საშუალებას...
_რატომ?
_ნებისმიერი სხვა მინისტრი იქნებოდა ეს სერგეენკო თუ კვირიკაშვილი, გარდა ირაკლი ღარიბაშვლისა, უტოვებდა მას მანევრის საშუალებას და რას ვგულისხმობ: როცა დგება პრობლემები ეკონომიკაში, იმისათვის, რომ გააჯანსაღო სიტუაცია და გააკეთო პოლიტიკური მანევრი, ყოველთვის ჩნდება სიტუაცია, რომ ამ მანევრის მსხვერპლი გახდეს პრემიერ-მინისტრი, რაც ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური თამაშის ნაწილია. მაგრამ ამ გზით რომ წახვიდე, საჭიროა გყავდეს ძლიერი მინისტრები, ასეთ სიტუაციაში ღარიბაშვილი იქნებოდა სწორედ ეს ფაქტორი, ანუ ის იქნებოდა ძლიერი შს მინისტრი. ეხლა უკვე ეს ძლიერი ფიგურა გადადის პრემიერ-მინისტრად და ასეთი მანევრირების საშუალება ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთლიანად კოალიციას აღარ ექნება. თუ დაიწყო უმართავი პროცესი იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ასეთ ფიგურას ვერ გაწირავ და მოგიწევს მისი შენარჩეუნება, ანუ პოლიტიკური მანევრირების საშუალება აღარ გეძლევა.
_თუკი ღარიბაშვილი იქნება ძლიერი პრემიერი, გამორიცხავთ, რომ მან თავად განახორიცელოს ისეთი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში, რომელიც ხელსაყრელი იქნება მისთვისაც და ივანიშვილისთვისაც?
_ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ ქმედებებზე თუ ვინმე რამე პროგნოზს გააკეთებს, იქნება ტყუილი, რადგან ჩვენ ღარიბაშვილს როგორც პოლიტიკურ ფიგურას არ ვიცნობთ, ჩვენ ვიცნობთ მას როგორც ,,ქართუ ჯგუფის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ჩვენ ვიცნობთ მას როგორც მინისტრს და ვინაიდან ის იყო შს მინისტრი, ეს თანამდებობა რა თქმა უნდა, უზღუდავდა მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას. ახლა ის ხდება პოლიტიკოსი...
_ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მერის კანდიდატურის შერჩევას, პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ის წასვლამდე მერის კანდიდატურასაც დაასახელებს, თქვენივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი ბაზისური ელექტორატის ხარჯზე არის ყველაზე მაღალი, უნდა ველოდოთ, რომ პრემიერის კანდიდატურა შესაძლოა დამარცხდეს მერის არჩევნებში, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის ფონზე? განსხვავებით იმისგან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ივანიშვილი იყო ფაქტორი...
_გეთანხმებით, საინტერესო თემაა... ერთი წლის წინ, როცა ,,ქართულმა ოცნებამ" მოიგო საპარლამენტო არჩევნები, ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ უფრო ჯანსაღი გახდებოდა პოლიტიკური ბრძოლა, თავად პოლიტიკური სპექტრი და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან უსამართლოდ აკრიტიკებდნენ იმაში, რომ მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და სხვა არავინ, მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ ასე საკითხი არ მდგარა არასოდეს და მართლაც კოლეგიალობა იყო ყველა საკითხში. რა სურათი გვაქვს ახლა - ერთი წელი გავიდა და ჰორიზონტზე არც კი გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილთან მიხლოებული რეიტინგის მქონე პოლიტიკური ფიგურა, ის არის უპირობო ლიდერი კოალიციის, რომელსაც ბუნებრივია ვერ აუკრძალავთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ფაქტია, რომ კოალიციაში ამ ერთო წლის განმავლობაში არ გამოჩნდა არცერთი ადამიანი, რომელიც კოლეგიალობის განცდას მაინც შექმნიდა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, იქნებოდნენ ეს რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია თუ სხვა...
_კი, მაგრამ საუბრები იყო იგივე ალასანიას გარშემოც, ის, რომ ალასანია არის ფიგურა, რომელსაც ჩაგრავენ...
_ალასანიას მხრიდან იყო მცდელობა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების, რაზეც პრემიერის მხრიდან იყო ძალიან მძაფრი რეაქციები და ახლა ვხედავთ, რომ ეს ფიგურა განეიტრალებულია უკვე ამ სიტუაციაში. ამდენად, პრემიერ-მინისტრის რეიტინგი არის მაღალი და მას ვერ აუკრძალავ, რომ საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს მერობაზე.
_თუმცა ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა ცოტა განსხვავებულია საპრეზიდენტოსგან...
_ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკა ცოტა განსახვავებულია და მინდა გითხრათ, რომ 11 წელი მე ზუსტად არჩევნების თემაზე ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში. ადგილობრივი არჩევნები იმით განსხვავდება საპრეზიდენტო და საპარლამენტოსგან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შენ გლობალურ თემებს ვერ წამოწევ, ამ არჩევნებში ვერ მოიყვან ადამიანს სიძულვილის თემით, ანუ აქ არ მოდიან ვიღაცის წინააღმდეგ. ადგილობრივ არჩევნებში, ყველა ქვეყანაში ასეა, მთავარი არის ბაზისური ელექტორატის აქტიურობა. შედეგიც დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მოხდება სხვადასხვა პარტიების ელექტორატების მობილიზება. საქართველოში არცერთ ადგილობრივ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა 40%-ზე მეტი და სავარაუდოდ, ასე იქნება ახლაც.
_მითუმეტეს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ოდნავ ამაზე მეტი აქტივობა იყო...
_საპრეზიდენტოზე იყო 49%, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე რაც შეიძლება იყოს მაქსიმუმი ესაა 35%-დან 40%-მდე აქტივობა. რაოდენ არ უნდა თქვან სხვადასხვა პარტიებმა, რომ ჩევნ მოვიყვანთ ამომრჩეველს, ეს იქნება ბლეფი. ვერ მოიყვანენ და არსებობს ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, არსებობს რეალობა, რომელზეც პოლიტიკოსს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ის, რომ ორჯერ ორი ოთხია, ამას ვერ შეცვლი, ასევე ვერ შეცვლი მომსვლელთა ამ რაოდენობას და იმას, რომ ზოგადი პოლიტიკური თემებით, ადგილორბივ არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენ და ვიღაცის სიძულვილით ამომრჩეველს ვერ გამოიყვან, როგორც აღვნიშნე, აქ მოდის პარტიების ძირითადი ბაზისური ელექტორატი.
_სასჯელაღსრულების მინისტრის სუბარის ინიციატივასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა ჩამოყალიბდეს 4 ტიპის დაწესებულება, სადაც მოხდება პატიმართა დიფერენცირება, თქვენი, როგორც სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის შეფასება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით როგორია?
_ბატონ სოზარს, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს, აქამდეც უნდა სცოდნოდა როგორი იყო სისტემა და ზოგადად კარგი იქნება, რომ წინა პრაქტიკა შეისწავლონ და ახალი ველოსიპედის გამოგონება, რომელიც უკვე დგას, მემგონი არ ღირს. ჩვენი მთავრობის დროს იყო რამდნიმე დაწესებულება, პირველი - დახურული დაწესებულება, რომელსაც ვეძახით ციხეს, მეორე - იყო ნახევრად ღია დაწესებულება, რომელსაც კოლონიას უწოდებენ და იყო ღია დაწესებულება, რომელსაც ხათუნა კალმახელიძე აკეთებდა გლდანში. ანუ იყო სამი დაწესებულება და გარდა ამისა, ამ დაწესებულებებში იყო სხვადასხვა რეჟიმები. ტერმინებს თუ ცვლიან მხოლოდ, ვერ გეტყვით და პატიმართა დიფერენცირებას რაც შეეხება, ე.წ. ქურდები იჯდნენ ძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფლიგელში, ყოფილი პოლიციელები იჯდნენ ჯერ ავჭალაში და მერე როცა აშენდა ქალთა კოლონია რუსთავში, ისინი გადმოვიდნენ მატროსოვზე, ქალთა კოლონია ცალკეა და ა.შ. ეს ყველაფერი იყო და როცა ამ თემაზე კეთდება კომენტარები, მათ შორის ექსპერტების მხრიდანაც, უნდა იცოდნენ ამდენი, რომ რეჟიმს პატიმარს განუსაზღვრავს არა სოზარ სუბარი, არამედ სასამართლო, მოსამართლე, ის განსაზღვრავს სად უნდა იმყოფებოდეს ესა თუ ის ადამიანი. თუკი სასჯელაღსრულება აპირებს რამის შეცვლას, თუნდაც ტერმინების, ეს ყველაფერი უნდა აისახოს სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსებში.
სასჯელაღსრულებას შეუძლია, რომ თუკი პატიმარი არღვევს შინაგანაწესს, მას შეუძლია გადაიყვანოს იზოლატორში, რეჟიმს პატიმარს ვერ შეუცვლის. ამას მოსამართლე ადგენს, ვიმეორებ და სჭირდება სისხლის სამართლის რეფორმა, თუკი რამის შეცვლას აპირებ.
_კონფლიქტების თემას რომ შევეხოთ, „რია ნოვოსტი" წერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრზე ვიაჩესლავ ჩირიკბაზე დაყრდნობით, რომ შესაძლოა, ოფიციალურმა თბილისმა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში, ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ, ჩირიკბა ამბობს, რომ რომ ეს დოკუმენტი მთავარი ნაბიჯი გახდება თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. ხელმოწერით გაფორმებული ნებისმიერი ასეთი შეთანხმება, რამდენად შედის საქართველოს ინტერესებში?
_როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთს აქვს მუდმივი მცდელობა, მას მერე რაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, მოყოლებული 90-იანი წლებიდან, რომ სუბიექტად დააფიქსიროს აფხაზური და ოსური მხარე. ეს ხდება იმიტომ კი არა, რომ რუსეთში არ ესმით საკითხი ან რაიმე სხვა მიზეზი აქვთ ამის, არა - როგორც კი დაფიქსირდება მხარედ აფხაზეთი ან ოსეთი, როგორც კი ჩვენ ხელს მოვაწერთ აფხაზებთან ან ოსებთან რაიმეზე, როგორც თანაბარ სუბიექტებთან, როგორც კი სადმე საერთაშორისო დონეზე ეს ხელმოწერა დაფიქსირედება, როგორც იურისტი გეუბნებით, რომ იმ მომენტიდან დამთავრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მასზე საუბრები. ვინც არ უნდა მოვიდეს, მერე უკვე ამის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.
_დღეს ძალიან აქტუალური თემა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ არსებული შეთანხმება ამერიკულ მხარესთან სწორედ თქვენი მინისტრობის დროს გაფორმდა 45 მილიონი დოლარი მილენიუმის უნივერსიტეტზე მიდიოდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს შეთანხმება ჩაიშალა. ერთ-ერთი პარტნიორი იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო სტუდენტები. უფრო კონკრეტულად, რა იყო შეთანხმების საგანი და როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლების პირობებში რა არის შეთანხმების ჩაშლის მიზეზი?
_ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ჯორჯ ბუშმა შექმნა ,,მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენ", როგოროც ალტერნატივა ,,USAID"-ის. ამერიკა მოგეხსენებათ სხვადასხვა ქვეყნებს ეხმარება სხვადასხვა ფონდების მეშვეობით. ყველა ამ ფონდს აქვს თავისი მუშობის სპეციფიკა, ბიუროკრატია და ა.შ. ჯორჯ ბუშმა შექმნა მართლაც ძალიან კარგი რამ და მან თქვა, რომ ამ ფონდს ექნება ნაკლები ბიუროკრატია და სხვა ფონდებისგან განსხვავებით არ ქონდეს შეზღუდვა პროექტების. ,,MCC" იყო ამ ჩარჩოებისგან თავისუფალი და ,,MCC" -ის ანალიზით, ჩვენ ვიყავით ყველაზე წარმატებული პროექტი.
_რა კრიტერიუმით ვიყავით ყველაზე წარმატებული?
_ფული, რომელიც იყო გამოყოფილი საქართველოზე იყო გახარჯული სწორედ, კორუფციის გარეშე და დროულად, ანუ ამ მიმრთულებით ყველა მენეჯმენტი იყო ბრწყინვალედ შესრულებული. ობამამ, გაპრეზიდენტების შემდეგ განაცხადა, რომ მას ეს პროექტი დიდად არ მოსწონდა, თუმცა მაინც დათანხმდა განაში და საქართველოში მის განხორიციელებას. განა, გამომდინარე იქიდან, რომ ის თავად იყო ჩასული და დაჰპირდა მათ და საქართველო, როგორც ყველაზე წარმატებულად განმხორციელებელი ქვეყანა, ეს აღიარა ახალმა ადმინისტრაციამ. ეს იყო დახლოებით 115 მილიონი. როცა ჩვენ გვკითხეს თუ რა მიმზრთულებებზე გვინდოდა ამ ფულის დახარჯვა, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი ეს ფული ჩაიდოს განათლებაში. იყო საუბარი გვირაბების მშენებლობაზე, აჭარა-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზაზე და ა.შ. მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული წასულიყო განათლებაში. პირველივე ინიციატივა იყო ამერიკული უნივერსიტეტი. იყო რამდენიმე მიმართულება, მათ შორის სკოლების რეაბილიტაცია 40 მილიონი და განათლების სამინისტრო რომ იძახის დღეს, სკოლები გავარემონტეთო, ეს არის სწორედ იმ პროექტიდან წამოსული ფული, იყო დაახლოებით 20 მილიონი მასწავლებლების კვალიფიკაციაზე და დაახლოებით 45 მილიონი იყო ამერიკულ უნივერისტეტზე. ჩვენ ჩავედით ამერიკაში მოლაპარაკებაზე და გადავწყვიტეთ, რომ ეს 45 მილიონი წასულიყო არა ,,ჯოინ-პროგრამაზე" და კურიკულიუმზე, არამედ აშენებულიყო ნამდივილი ამერიკული უნივერსიტეტი. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ვერ დავაფინანსებთ შენობის მშენებლობის ფულს, მაგრამ ლაბორატორიებს დავაფინანსებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ შენობას ავაშენებდით და ეს არის ის შენობა, რომელიც დგას ბათუმში.
_თუმცა, ამ შენობაზე დღეს აცხადებენ, რომ ის არ არის კარგი საუნივერსიტეტოდ...
_მე მოგახსენებთ, რომ ის უნივერსიტეტები, რომლებიც ამერიკელების მიერ იყვნენ შერჩეულნი, იღებდნენ მონაწილეობას ამ შენობის დაპროექტებაში. ამ შენობის ქვევით, სარდაფში, არის ლაბორატორიები, სადაც არის გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ანუ იქ არის გათვალისწინებული ყველა ნიუანსი, დაწყებული გაზით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დამთავრებული იმით, რომ ლაბორატორიას ვერ გააკეთებ პარკეტზე და მას სჭირდება სპეციალური რეზინის იატაკი, ანუ ყველა დეტალი. დღეს ეს ხელმოწერილი პროექტი ჩაშალეს და განაცხადეს, რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ერთი წლით გადადეს სკოლების რეაბილიტაცია, მასწავლებლების კვალიფიკაცია ამ უნივერსიტეტის გამო.
_ამ უნივერსიტეტის გამო რატომ?
_ამერიკელების მიერ ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა კახა ბენდუქიძის „თავისუფალმა უნივერსიტეტმა", კონსორციუმში შევიდნენ ამერიკელებთან და ერთობლივად შემოიტანეს საკუთარი წინადადებები. ეს კონკური ჩაიშალა და გამოცხადდა ახალი.
_დიახ, და ამის გამო კახა ბენდუქიძე სასამართლოში ჩივის...
_კახა ბენდუქიძე ჩივის, რადგან ის არის გამარჯვებული კონკურსში, აქ ფულია დახარჯული და უარი უთხრეს ამ კონსორციუმს, სადაც შედიოდა ბენდუქიძე. ბუნებრივია, როცა ამერიკული უნივერსიტეტი შემოდის, ის ეძებს პარტნიორს და სახელმწიფო პარტნიორი ვერ იქნება და არც უნდა იყოს. შესაბამისად, პარტნიკორობაში შემოვიდა ბენდუქიძის უნივერსიტეტთან. ეს ჩაიშალა.
_ეს ჩაიშალა, მაგრამ საბოლოოდ რა ბედი ელის?
_ახლა ამბობენ, რომ გამოცხადდეს ახალი კონკურსი და დაუბრუნდნენ იმ სილაბისების და კურიკულიუმების წერის იდეას, როცა ეს ფული დაიხარჯება ამერიკაში და ჩვენ შედეგად ამერიკულ უნივერსიტეტს ვერ მივიღებთ.
_რაც შეეხება უნივერსიტეტის განთავსების თემას საპრეზიდენტო რეზიდენციაში...
_რეზიდენციის თემა, ეს საერთოდ ახალი რამეა. იქ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ვერ გავხსნით. ეს შენობა რომ დაპროექტდა, აშენდა, როგორც პრეზიდენტის რეზიდენცია და არა სასწავლო დაწესებულება. ეს არის ყოვლად შეუსაბამო რამ, თუკი ხართ ნამყოფი რეზიდენციაში, ნახავთ, რომ ის არის გათვლილი ბიუროკრატიულ აპარატზე, არის შესაბამისი კაბინეტები, ორი სამი ადამიანისთვის და არა სტუდენტური აუდიტორიები. აუდიტორიაში ზის არა 2-3 არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი იმისათვის, რომ ლექცია მოისმინონ. წმინდა აუდიტორიების თვალსაზრისით, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი უნდა დაანგრიო. ელემენტარულად, სტუდენტი მუდმივად არის მოძრაობაში, განსხვავებით ჩვეულებრივი თანამშრომლებისგან და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დინამიკას მარტო რეზიდენციის კიბეები ვერ გაუძლებს, ის არ არის ამისთვის გათვლილი. ვისაც განათლებასთან აქვს შეხება უნდა ესმოდეს, რა არის რეკრეაციული ზონა და რა არის სტუდენტების დინამიკის გათვლა. ამასთან, იქ ვერ დააყენებ ლაბორატორიებს და ამ შენობას გააჩნია თავისი უსაფრთხოების ზომები - ბრონირებული შუშები, კარებები, ანუ ყველაფერი ის, რაც უნდა ჰქონდეს ქვეყნის პირველ პირს. ის ფული, რომელიც შეგიძლია, რომ დღესვე აამუშაო ბათუმში, სადაც უკვე მზად არის ლაბორატორიები (თუ უკვე გაძარცვული არ არის), რატომ არ უნდა გამოიყენო ასეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის, ეს გაუგებარია...
_რაც შეეხება იმას, რომ უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო ბათუმში, რატომ ბათუმი? იქნებ თავად ადგილმდებარეობაც არის მიზეზი?
_მოგახსენებთ, რატომ ბათუმი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არ მომხდარა ისე, რომ ერთ დღეს გაეღვიძა ვიღაცას და გადაწყვიტა, რომ მოდი ბათუმში ავაშენოთ უნივერსიტეტი. ამერიკელებმა ჩამოიყვანეს ორი კომპანია ტეხასიდან. ტეხასის უნივერსიტეტების კონსორციუმის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, ამერიკულმა მხარემ ფული გადაიხადა შეფასებების გაკეთებაში. ორივე კომპანიამ დადო ერთნაირი შეფასება და რეკომენდაცია მისცეს ბათუმს იმ მიზეზით, რომ ბათუმში არის პორტი, არის ზღვა, ბათუმიდან მარტივად ფარავ თურქეთის ზედა ნაწილს, ანუ სტუდენტების შემოდინებაზეა საუბარი, ასევე ბათუმიდან ფარავ უკრაინის და შუა აზიის ნაწილს, ეს უნდა ყოფილიყო რეგიონალური ცენტრი, მოგეხესენებათ, რომ ადგილობრივი სტუდენტებისთვის ეს იქნებოდა უფასო, ხოლო უცხოელებისთვის ფასიანი, რაც თავისთავად მომგებიანი იყო ეკონომიკისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






