ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომლებიც სასჯელს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის იხდიდნენ, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ლ.გ-ს და გ.გ-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა), მოსახდელად დარჩენილი ვადა უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით შეეცვალათ.
შეგხსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.
ლაშა გოგიას და გია გულორდავას პატიმრობის ვადა ნოემბერში ეწურებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






