იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას თუ ქუჩაში მოსიარულე უამრავი ხალხი მოჰყვა ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
წულუკიანის თქმით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო.
„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






