მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ბანკი ქართუ" ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რომელი კომპანიისგან ყიდულობს ივანიშვილი პირბადეებს და რა პრინციპით შეირჩა აღნიშნული შპს.
აღმოჩნდა, რომ კომპანია "რესპირატორი" მხოლოდ გუშინ დაარსდა, დღეს კი ნახევარმილიონიანი შეკვეთა მიიღო.
"რესპერატორის" დამფუძნებელი, სერგო გაუსტიანი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. მან მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ ჯამში 100 000 ლარიც კი შესწირა.
გაუსტიანი ამბობს, რომ პირბადეებისთვის საჭირო დაბნადგარები ორი კვირის წინ, მისივე კუთვნილი მეორე კომპანიის საშუალებით შეუკვეთა.
ახალი შპს-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი კომპანიის მიერ წარმოებული პირბადეების ღირებულება 13-14 თეთრს შეადგენს.
ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო.
პრესრელიზში, რომელიც მედიას დაეგზავნა, საუბარი იყო, რომ ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
მასალის გამოყენების პირობები






