ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სუს-ში მათთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
"მირტაგი ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერმინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო,"- წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია მირტაგი ასადოვსა და სხვა პირებს იურიდიულ დახმარებას უწევს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე საათაში მათი ადვოკატი მარნეულში, სუს-ის შენობაში მირტაგი ასადოვთან და სხვა დაბარებულ პირებთან ერთად მივა.
მასალის გამოყენების პირობები






