დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კლინიკიდან შესაძლოა, 35 კვირის ორსული გაეწეროს.
„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას.
ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდისთვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება.
დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






