ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმთან“ დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ალგორითმის თანახმად,რეკომენდებულია ასიმპტომური ანუ სიმპტომების არმქონე პირების ტესტირება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების მაღალი რისკის პერსონალისთვის ან ორგანიზებულ ჯგუფებში მცხოვრები ან დასაქმებული პირებისთვის.
მისი თქმით, ასეთ ჯგუფებში შედიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები და საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.
„ეს არ არის იმდენად დიდი ჯგუფები, რომ შეუძლებელი იყოს მათი მოცვა. უკვე დავიწყეთ ანტისხეულების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებების იმ პერსონალში, რომელიც ჩართულია „კოვიდის“ მართვის პროგრამაში. ეს სკრინინგი არის განმეორებადი, არაერთჯერადი აქცია. ტესტირება დაწყებულია თავდაცვის ნაწილშიც, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე. თქვენ გახსოვთ, რომ გორის ჰოსპიტალი იყო პირველი დაწესებულება, ვინც ჩაერთო პროგრამაში. ჩვენ ჰოსპიტალს გასულ კვირაში გადავეცით ანალიზატორი, რომელიც განკუთვნილია ანტიგენის სწრაფი ტესტებისთვის. ასევე აქვთ ანტისხეულის ტესტები. ამ კვირაში ველოდებით დიდი რაოდენობით ტესტების ეტაპობრივად მობილიზებას და გვექნება საშუალება, გავაფართოვოთ იმ ჯგუფების მოცვა, რომლებიც ალგორითმით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულების შემთხვევაში განისაზღვრებიან ის პირები, რომლებიც სამედიცინო კუთხით მუშაობენ და პირველ რიგში, სწორედ მაღალი რისკის კონტინგენტის გატესტვა მოხდება. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი განხორციელდება ყველა პირის ტესტირება, რაც 2 000-მდე ადამიანს შეადგენს – ესენი არიან როგორც ბენეფიციარები, ისე დაწესებულების პერსონალი.
რაც შეეხება ეკლესია-მონასტრებს, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პირველ რიგში, საუბარია სამონასტრო ტიპის კომპლექსებზე, სადაც მანამდე წარმატებით განხორციელდა ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამა.
ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ რეკომენდაცია არ ნიშნავს სავალდებულო სკრინინგს და ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე მოხდება ამ ჯგუფების გაფართოება, რაც მომდევნო ეტაპზე დაიგეგმება.
„პრინციპია ის, რომ ამ ტიპის ანტისხეულის ტესტი ნაჩვენებია დახურული ტიპის დაწესებულებებში მცხოვრები ან დასაქმებული პირებისთვის. საუბარია, რომელი ტესტი რომელი ჯგუფისთვისაა რეკომენდებული, რომელი ჯგუფები რა პერიოდულობით იქნებიან მოცული“, – განმარტა გაბუნიამ.
თამარ გაბუნია ალგორითმის გაფართოებასაც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს იმის მიხედვით მოხდება, თუ რა სახის ტესტები იქნება ხელმისაწვდომი.
მასალის გამოყენების პირობები






