ზაჰესის დასახლებაში და მდინარე დიღმულაზე არსებულ ხიდებს სხვადასხვა სახის კონსტრუქციული დეფექტები აღენიშნებათ. ქალაქში არსებული ხიდების მდგომარეობაზე და მათ რეაბილიტაციაზე დღეს თბილისის მერმა ექსპერტებთან, ინჟინერ-კონსტრუქტორებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იმსჯელა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალაქში არსებული საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციის მიზნით, თითოეულ ხიდს კვალიფიციური კვლევა ჩაუტარდა, რათა დეტალურად განსაზღვრულიყო მათი მდგომარეობა.
კვლევა ხიდების ფიზიკურ დათვალიერებას, კონსტრუქციების შესწავლასა და მდგრადობის გამოცდას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში, ვიზუალურ-ინსტრუმენტალურად, ასევე სტატიკურ-დინამიკურად 12 ხიდი გამოიკვლიეს.
მერიის განცხადებით, კვალიფიციურ კვლევებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებდა. ცენტრის მიერ მიღებული დასკვნით დადგინდა, რომ შესწავლილი 12 ხიდიდან 10 სხვადასხვა სახის მცირე მოცულობის სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, ხოლო ზაჰესის დასახლებაში და მდინარე დიღმულაზე არსებულ ხიდებს სხვადასხვა სახის კონსტრუქციული დეფექტები აღენიშნებათ და ისინი მზიდი კონსტრუქციების შეცვლას საჭიროებენ.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამის სამუშაოებს თბილისის მერია 2014 წელს განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






