ფოთში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რუსეთის დროშის დაწვაში მონაწილე ერთი პირის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დარეჯან ცხვიტარიას დაკითხვა.
ცხვიტარია ფოთის პოლიციაში დაკითხვაზე 13:00 საათზე დაიბარეს. მისი თქმით, როგორც მას გამომძიებელმა შორენა ნიკოლაიშვილმა უთხრა, პოლიციაში საჩივარი ფესტივალ „თეთრი თოლიას“ ორგანიზატორის დარეჯან გეფერიძისგან შევიდა: ის მოითხოვდა, ვანდალიზმისთვის დაესაჯათ პირები, რომლებმაც რუსეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს.
დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, პოლიციაში მასზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა და, როგორც განუმარტეს, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დაიწყო, რის შედეგადაც გაირკვევა, არის თუ არა საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
გამორიცხული არ არის, დარეჯან ცხვიტარია დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარონ და ასევე დაკითხონ ის პირები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთის სახელმწიფო დროშის დაწვაში.
შეგახსენებთ, დარეჯან გეფერიძემ განაცხადა, რომ დროშის დაწვაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ, რადგან ეს ვანდალიზმია და არა პროტესტის გამოხატვა.
მასალის გამოყენების პირობები






