ამ წუთებში ფოთის პოლიციაში გუშინ ქალაქში რუსეთის სახელმწიფო დროშის გამოფენის წინააღმდეგ ჩატარებული აქციის ერთერთი მონაწილის დაკითხვა იწყება. დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და რომელიც დროშის დაწვის ერთერთი ინიციატორი იყო, გამომძიებელი ლალი ნიკოლაიშვილი დაკითხავს:
„დაახლოებით 12 საათზე დამიკავშირდა გამომძიებელი ლალი ნიკოლაიშვილი, რომელმაც პოლიციაში 13:00 საათზე დამიბარა. მე ვაპირებ მისვლას და ვეტყვი, რომ რამდენჯერაც ჩამოკიდებენ ამ დროშას, იმდენჯერ დავწვავ, რადგან იმ სახელმწიფოს დროშა, რომელმაც დაბომბა ჩემი ქალაქი და უდანაშაულო ადამიანები დახოცა, ფოთში არ უნდა ფრიალებდეს. სხვაგვარად ჩვენ მაგ დროშას ვერ ჩამოვხსნიდით და ეს იყო ჩვენი პროტესტი“, - უთხრა დარეჯან ცხვიტარიამ „ნიუპოსტს“.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პოლიციაში დაიბარეს ასევე აქციის სხვა მონაწილეები, კონკრეტულად, ის პირები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთის სახელმწიფო დროშის დაწვის პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები






