"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილლი ამბობს, რომ მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.
ოპოზიციონერი მთავრობის მიერ გადაადგილების კუთხით გამოცხადებულ დამატებით შეზღუდვებს გამოეხმაურა.
ჭიაბერაშვილი თვლის, რომ აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და ამით უზრუნველყონ მედპერსონალის გადაყვანა.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება. ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები - ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






