ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ფონდების ,,იავნანა" და ,,ივერიისა" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
პაატა ბურჭულაძე დღეს თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშნებლობაზე ესაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი, საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე მობრძანდა პროფესორ-მასწავლებლებთან შესახვედრად. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა საერთო ქართული საქმეა, რომელშიც ადამიანები სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში არიან ჩართულნი. დღევანდელი შეხვედრით უნივერსიტეტის წარმომადგენლები უკეთ გაერკვევიან მშენებლობის საქმეში. ყველა უნივერსიტეტელის სურვილია ტაძრის მშენებლობის დასრულება", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
როგორც პაატა ბუჭულაძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა.
"საუბარი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას შეეხო. ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში, გვსურს, რომ უფრო მეტმა გაიგოს თუ რა მდგომარეობაშია ტაძარი, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა, როგორ შეუძლია ნებისმიერ მსურველს საკუთარი წვლილი შეიტანოს ტაძრის მშენებლობის საქმეში",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






