სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ჩვენთან არს ღმერთი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. დიდ ხარ შენ უფალო. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი, ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, აი, ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარით, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. გმადლობთ უფალს,რომ უფალი ასეთი მოწყალეა.
ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მართლცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებით არის ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ დავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ, აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა აღმავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი.
მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ თვითონ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს, თქვენს სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმალდობთ უფალს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები