"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის, განსხვავებაა.
მელია განმარტავს, რომ სინამდვილეში ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
მისივე განცხადებით, 10 კაცამდე თავყრილობის შეკრების შეზღუდვა არა რეკომენდაცია, არამედ ვალდებულება უნდა ყოფილიყო.
"ძალიან უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დღეს დილით ჩატარებული პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შინაარსსა და გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის უდიდესი ცდომილებაა. გახარია საუბრობდა შეზღუდვებზე, რომელიც ეხებოდა, მათ შორის, თავშეყრის ადგილებს, სადაც ხაზი გაუსვა, რომ 10 კაცამდე იზღუდება თავყრილობები ყველა ფორმატში. მოგვიანებით, ჩვენ ვიგებთ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ პრეზდენტის გამოცემული დეკრეტის შემდეგ, ეს შეზღუდვა არ არის. რეკომენდაციები დღემდე იყო გაცემული არა ერთი და დღეს ეს რეკომენდაციები უნდა ქცეულიყო ვალდებულებად. ეს შეზღუდვა 10 კაცამდე თავყრილობისა უნდა ამოქმედებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოვიდა, ეს ყველაფერი არ ამოქმედდა. ანუ, არ მიეცა ამას სავალდებულო ხასიათი და ხელისუფლებამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯით დამატებითი პანიკა გამოიწვია. სინამდვილეში, არაფერი არ შეცვლილა ხომ... როდესაც ვსაუბრობთ თავყრილობებზე, ვგულისხმობთ ყველა ფორმატს, ყველა ორგანზიაციას, ყველა სამსახურს," - აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ , საქართვლოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. პარლამენტმა პრეზიდენტის გამოცემულ ბრძანებას მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში, გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას სრული მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციამ გამონაკლისის სახით, ბოიკოტი ერთი დღით შეწყვიტა.
რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო რეჟიმი
მასალის გამოყენების პირობები






