რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ახალი მძიმე გამოწვევის წინაშე დადგა - ჩინეთში წარმოქმნილმა აქამდე უცნობმა ინფექციურმა დაავადებამ დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტში შეაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID 19 -ით ინფიცირებულთა ზრდასთან ერთად, კორონავირუსი თავდაპირველად ჯერ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა ელვისსისწრაფით მატების პარალელურად კი მსოფლიოში ახალი ვირუსი პანდემიად გამოცხადდა.
მალევე ახალი კორონავირუსი რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა. საქართველოც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზეა.
"ნიუპოსტმა" რამდენიმე მნიშვნეოვანი ინფორმაცია შეაგროვა როდის და რატომ ხდება აუცილებელი ასეთი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა?
საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მას კონსტიტიცია არ მისცემდა.
საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემიის / ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.
საგანგებო მდგომარეობა არის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. საბოლოო ჯამში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და აღსრულების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება.
უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - ცალკეულ რეგიონში.
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს.
Justitium-ი რომაულ სამართალში საგანგებო მდგომარეობის ეკვივალენტია. ეს იყო კონცეფცია, რომლის თანახმად სენატს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
რა სახის საგანგებო მდგომარეობა არსებობს?
საგანგებო მდგომარეობა ოთხ სახეობად იყოფა:
1. ბუნებრივი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საშიში ბუნებრივი მოვლენებითა და პროცესებით (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური, აგრეთვე ბუნებრივი ხანძრები) არის განპირობებული;
2. ტექნოგენური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სამრეწველო ავარიებსა და კატასტროფებს (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროდინამიკური ავარიები), ხანძრებსა და აფეთქებებს, სატრანსპორტო ავარიებს მოიცავს;
3. ბიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ და ერთდროულად გავრცელებული ინფექციური დაავადებებით (ეპიდემიები) არის გამოწვეული;
4. სამხედრო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, დივერსიებითა და ტერორისტული აქტებით არის განპირობებული.
ვინ და რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას?
საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი. აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. თუმცა ცალკეული შტატის დონეზე ამ უფლებამოსილებას გუბერნატორიც ასრულებს.
რა სახის შეზღუდვები წესდება საგანგებო მდგომარეობის დროს?
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა.
- იხურება ყველა ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი;
- იხურება თეატრები, კინო და მუზეუმები;
- აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები;
- შეიძლება შეჩერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან შეზღუდვა დაწესდეს მის ამა თუ იმ სახეობაზე;
- სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხადდება კარანტინი;
- სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან;
- იკრძალება შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ.
რისი გაკეთება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დროს?
- დაიცავით საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული გეგმა;
- მოამზადეთ პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრები;
- დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ, სანამ სხვებს გაუწევთ დახმარებას;
- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიიღეთ ინფორმაცია შესაბამისი ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისგან და მიჰყევით მათ ინსტრუქციას;
- დარჩით სახლში, სანამ უშუალო მითითებებს არ მიიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები






