საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლების, ნატო ბულიასა და ნონა ქურდოვანიძის სარჩელი, მოპასუხეების - №3 საბურთალოს ოლქის №28 საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების, ასევე, №3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით განმარტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ №28 და №3 საუბნო საარჩევნო კომისიებში, ერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კენჭისყრის შედეგად გადანაწილებული ფუნქციების გაცვლასა და მეორე შემთხვევაში ჩანაწერთა წიგნში წილისყრის შედეგებისგან განსხვავებული შედეგების მითითებას, რაც წარმოადგენს დარღვევას.
სასამართლოს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა წარადგინეს საჩივრები №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელთა დაკმაყოფილებაზეც მათ უარი ეთქვათ. ნ. ბულიასა და ნ. ქურდოვანიძის განმარტებით, საოლქო კომისიის მიერ მიღებული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, სასარჩელო განცხადებით მათი ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და №3 საბურთალოს ოლქის №28 საუბნო კომისიის თავჯდომარისა და წევრების, ასევე, №3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სარჩელს და განმარტეს, რომ საარჩევნო პროცედურები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით განახორციელეს.
"სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №31/2013 განკარგულება და №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №28 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მიმართ", - აცხადებენ სასამართლოში.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი დღის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები






