"ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, საკმარისი არაა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის, რადგან მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
"კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სკოლებისა და უნივერსიტეტების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
არადა ქვეყანაში, ათეულობით ათასი მოსწავლე და სტუდენტი, განსაკუთრებით სოფლად, დისტანცირებულია თავად ინტერნეტისგან - საერთოდ წვდომა არ აქვს ინტერნეტზე, ან სარგებლობს მობილური ინტერნეტის ძვირადღირებული პაკეტებით, რომელიც სიძვირის გარდა, დისტანციური სწავლებისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
საქართველოში 593 ათასი სკოლის მოსწავლე და 149 ათასი სტუდენტი გვყავს:
530 000 მოსწავლე საჯარო სკოლებში სწავლობს, 63 000 კი - კერძო სკოლებში.
95 500 ახალგაზრდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტია, 53 300 კი - კერძო სასწავლებლების.
მათი დიდი ნაწილი უზრუნველყოფილია ინტერნეტ მომსახურებით, მაგრამ სტუდენტებისა და მოსწავლეების ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და ჩვენი რეკომენდაციაა, უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მიზნით, მოსწავლეებს და სტუდენტებს რომ ხელი მიუწვდებოდეთ დისტანციურ სწავლებაზე, ქვეყანაში ასი ათასს ოჯახს გადაეცეს 150 ლარიანი ვაუჩერი ინტერნეტის საფასურის გადასახდელად.
ჯამში ეს 15 მილიონი დაუჯდება სახელმიწფო ბიუჯეტს. ამის გარეშე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კი არა, სწავლებისგან დისტანცირება გამოვა!" - წერს ნიკა მელია.

მასალის გამოყენების პირობები






