ქართველი დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან დიპლომატიასა და მის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატიური საქმიანობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და თუ დისციპლინირებული არ ხარ დიდ უსიამოვნებებს უნდა ელოდო.
"ელჩობა, და საერთოდ დიპლომატობა, მავნეა ორგანიზმისათვის და, თუ ზომაზე დისციპლინირებული არ ხარ, შეიძლება ბევრ უსიამოვნებას გადაგყაროს. დღე არ გავა, მიღებაზე ან ბანკეტზე არ დაგპატიჟონ, სადაც ულევია მსოფლიოს საუკეთესო სასმელი და, კაცმა რომ თქვას, არც ხემსია გლახა. თუ ცდუნებას აჰყევი, ჭამე და სვი, გაღორდები და გალოთდები. მე ლონდონში ზომიერად ვსვამდი, თუმცა წონის მატებას ვერ გადავურჩი – 14 კილოგრამი მოვიმატე. მათ, ვინც სასმელს ეტანება, უარესი ემართებათ.
დიპლომატთა წრეებში დღემდე იხსენებენ წინა საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწე ერთი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მსმელი, ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრის ამბავს. ერთხელ, პერუში ვიზიტისას, ჯორჯ ბრაუნი დაესწრო სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებას. ჩვეულებისამებრ, მიღებამდეც მიიღო და მიღებაზეც მიიღო. დაინახა გრძელ წითელ სამოსში გამოწყობილი ფიგურა, მივიდა და საცეკვაოდ დაპატიჟა. ფიგურამ უარი უთხრა და განუმარტა: „მაქვს სამი მიზეზი იმისათვის, რომ არ გეცეკვოთ. პირველი ისაა, რომ თქვენ ხართ მთვრალი. მეორე: ეს მუსიკა პერუს სახელმწიფო ჰიმნია და არა ვალსი. მესამე კი ის არის, რომ მე ქალი კი არა, ქალაქ ლიმას კარდინალ-არქიეპისკოპოსი გახლავართ“-ო.", - წერს გელა ჩარკვიანი.
მასალის გამოყენების პირობები






