ხაიშში ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოსახლეობა ხუდონჰესის აგების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამ წუთებში სვანური რიტუალის მიხედვით ფიცს დებენ, რომ არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას.
ხაიშში ადგილობრივების გარდა, სხვა სოფლების მცხოვრებლები და საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. შეხვედრაში მონაწილეობენ სვანეთის (მესტიის, ლენტეხის, დალის) მოსახლეობის (თემების) წარმომადგენლობი. თბილისიდან ჩასული არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანება, სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლობა, მეცნიერები და სამეგრელოს ენგურისპირა დასახლებების წარმომადგენლობა.
შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ მთავრობის თავმჯდომარის აპარატის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ინვესტორის "ტრასნელექტრიკა ლიმიტედის" წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეებმა განცხადებაც გაავრცელეს:
„ხაიშში, 3 ნოემბრის შეხვედრა კიდევ ერთი დიდი მცდელობაა იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს, მთავრობის ზოგიერთმა ჩინოვნიკმა შეიგნოს ამ პროექტის უვარგისობა, რომ შეწყდეს კონსტიტუციის მე-3 მუხლის და ორგანული კანონის მე-4 მუხლის უარყოფა, ადგილობრივი მასახლეობის (სვანების) დაცინვა, განსაკუთრებით "ფიცის დადების "ტრადიციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეკრების მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს. ამასთან, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "მხილებული იქნება ყველა ის "ჩინოვნიკი", რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ლობირებს უცხო ქვეყნების ინტერესებს, რაც გაურკვეველი წარმომავლობის (ოფშორში დარეგისტრირებული) კომპანიების შემოყვანაში და ქვეყნისთვის საშიში პროექტების განხორციელებაში მდგომარეობს", - წერენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






