საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.
დღესვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი კოორდინირებული საქმიანობის საკითხები განიხილა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერან ოზგანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე განხილული იქნა ის ღონისძიებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა მიმართავს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. აღინიშნა ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა. მაღალი შეფასება მიეცა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს.
მასალის გამოყენების პირობები






