JAMnews-მა შეაგროვა ყველა ინფორმაცია, რაც ცნობილია ინფიცირებულების შესახებ.
ამ დროისთვის (11 მარტი) ქვეყანაში სულ 23 ინფიცირებულია. ყველანი საქართველოს მოქლაქეები არიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ არცერთი შიდა გავრცელება არ არის და რომ ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
11 მარტის მონაცემებით, 46 ადამიანია სტაციონარებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო126 ადამიანი კარანტინის ზონაშია.
23 ინფიცირებულიდან ხუთს ვირუსი გაურთულდა ფილტვების ანთებით (პნევმონია ).
ამ ხუთი შემთხვევიდან ერთი არის მძიმე. ამ პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეა არ უმჯობესდება, თუმცა არც უარესდება. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვთ.
გარდა ამისა, ფილტვების ანთება აქვს კიდევ ოთხ პაციენტს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო მსუბუქია.
10 მარტს გამოვლენილი რვა შემთხვევიდან ერთი არის ბავშვი (სავარაუდოდ, 12 წლის). საქართველოში კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების ეს პირველი შემთხვევაა.
ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი ერთი ჯგუფის წევრები არიან. ისინი იტალიიდან ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში გაატარეს რამდენიმე დღე. ინფიცირებული ბავშვი ამ ხუთიდან ერთ-ერთის შვილია.
კიდევ ერთი იფიცირებული არის ადამიანი, რომელსაც იტალიიდან ჩამოსული პირისგან უკვე საქართველოში გადაედო ვირუსი. კერძოდ კი, ეს ადამიანი თავად ვარაუდობს, რომ ფულით გადაედო ვირუსი.
#1
კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლის მამაკაცი საზღვარზევე გამოავლინეს – იგი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა. აზერბაიჯანის საზღვრიდან იგი პირდაპირ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შესაბამისად, მას ქვეყნის შიგნით კონტაქტები არ ჰქონია.
#2
28 თებერვალი. კორონავირუსის მეორე შემთხვევა იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი თვითიზოლაციაში არ იყო, მეტიც, მან სამსახურში მისვლა მოასწრო. იგი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს. ფილიალი მალევე დაკეტეს და დეზინფექცია ჩაუტარეს. ის ადამიანები კი, რომლებთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მოაქციეს.
#3
29 თებერვალი. მესამე დადასტურებული შემთხვევა ასევე აზერბაიჯანის გავლით ირანიდან მოდიოდა. მას ჰქონდა კონტაქტი ნომერ პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. #1 და #3 ერთად იყვნენ ირანში, თუმცა საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ. ეს ადამიანიც, პირველის მსგავსად, აზერბაიჯანის საზღვრიდანვე წაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. საქართველოს შიგნით სხვა ადამიანებთან კონტაქტი ვერც მან მოასწრო.
#4
4 მარტი. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს გვიან საღამოს დადასტურდა, თუმცა ინფორმაცია საჯარო 5 მარტს გახდა. ეს არის 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე რცება მძიმედ. ის ერთადერთი მძიმე პაციენტია საქართველოში. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს.
პაციენტი #4 იტალიიდან ჩამოვიდა.
ამ პაციენტს გამოარჩევს ისიც, რომ იგი არის იმ ჯგუფის/კლასტერის წევრი, რომლის ირგვლივ რთული ეპიდმდგომარეობაა შექმნილი. (მასთან ერთად იტალიაში იყვნენ ასევე ამ სიის #5, #6, #7, #8, #9 წევრები. მათ ყველას მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდათ)ეს ჯგუფი არის მეგობრების ორი ოჯახი, რომლებიც ერთად იყვნენ იტალიაში. ამ ჯგუფის წევრების ნაწილი ინფიცირებულია, თანაც ზოგმა მათგანმა საქართველოშიც მოასწრო ინფექციის გავრცელება.
პაციენტი #4 თბილისში 2 მარტს გამთენიისას ჩამოვიდა ვენის რეისით. თუმცა, ვენა მხოლოდ სატრანზიტო ქალაქი იყო – სინამდვილეში ის და მისი თანხმლები პირები (ოჯახის წევრები და ასევე მეგობრები) იტალიაში გატარებული რამდენიმე დღიანი შვებულებიდან მოდიოდნენ.
ჩამოსვლიდან მეორე დღეს ნომერ მეოთხე პაციენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო – აუწია სიცხემ. ორი დღე იგი სახლში მკურნალობდა და იყო იზოლირებული. მხოლოდ ორი დღის შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მან მიაკითხა ინფექციურ საავადმყოფოს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ითქვა, რომ ამ ადამიანმა მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინა და იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამისთვის მას მადლობაც კი გადაუხადეს.
#5, #6, #7, #8, #9
თუმცა, თვითიზოლაციაში არ იყვნენ ამ ჯგუფის სხვა წევრები, რომლებიც ასევე ვენის რეისით 2 მარტს ჩამოვიდნენ იტალიიდან.
5 მარტს საღამოს, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ხუთი დადებითი პასუხი მოვიდა.
ხუთივე ნომერ მეოთხე პაციენტთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ისინი ერთი ჯგუფის/კლასტერის წევრები არიან.
აეროპორტში ეს ჯგუფი არავის მოეჩვენა საეჭვოდ, რადგან გამოკვეთილი სიმპტომები არ ჰქონიათ. ისინი წავიდნენ სახლებში და თვითიზოლაციის გარეშე განაგრძობდნენ ცხოვრებას რამდენიმე დღე.
პაციენტი # 5
ზემოთაღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პირობითად პაციენტი ნომერი ხუთი, ცალკე შემთხვევაა, რადგან ამ პაციენტს უკავშირდება საქართველოს შიგნით ვირუსის გავრცელების მინიმუმ სამი შემთხვევა.
ნომერ მეხუთე პაციენტმა 2 მარტს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ არათუ თვითიზოლაციის წესი არ დაიცვა (იმ პერიოდისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე იტალიიდან დაბრუნებულ ყველა ადამიანს მოუწოდებდა თვითიზოლაციისკენ), არამედ საკმაოდ ბევრ ადამიანს ეკონტაქტა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე. უკვე გამოვლენილია სამი ადამიანი, რომელსაც ვირუსი სწორედ ამ პირისგან გადაედო.
ცნობილია, რომ პაციენტი #5 ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული ფირმის ხელმძღვანელი და სამედიცინო სფეროს მუშაკია. ამ ფარმაცევტული ფირმის ოფისი თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის “ევექსის” სათაო ოფისში (არა თავად ჰოსპიტალში) ფუნქციონირებს.
ორშაბათს, 2 მარტს, ანუ ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში, პაციენტი #5 სამსახურში მივიდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა თანამშრომლებს და ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა და თათბირი.
მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, დაიკეტა “ევექსის” სათაო ოფისი, სადაც ჩატარდა დეზინფექცია. კლარანტინსა და თვითიზოლაციაში მოექცა რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისთანაც ამ პირს კონტაქტი ჰქონდა.
#10
7 მარტი. ეს არის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი საჯაროდ იდენტიფიცირებული პაციენტი, რომელმაც თავად დაწერა ფეისბუკზე, რომ ვირუსი აქვს. იგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი – ნიკოლოზ გამყრელიძეა.
კორონავირუსი მას თანამშრომლისგან – #5 პაციენტისგან გადაედო.
ნოკოლოზ გამყრელიძე თავადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. იგი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) დირექტორია და იმავე შენობაში მუშაობს, სადაც #5 პაციენტი.
გამყრელიძე ამბობს, რომ იმ წუთიდან, რაც მის თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა, ის თვითიზოლაციაშია და პირველივე სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ ექიმებს მიმართა. ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებს გადასცა ყველა იმ ადამიანის სია, ვისთანაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
#11 #13
7 მარტი. ეს ორივე შემთხვევა 7 მარტს დადასტურდა რამდენიმესაათიანი ინტერვალით. ცნობილია ის, რომ ორივე დაინფიცირდა საქართველოში. მათ კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან. ( არაოფიციალური, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე მუშაობდნენ იმავე ფარმაცევტულ ფირმაში, რომელიც “ევექსის” შენობაშია განთავსებული და სწორედ #5 პაციენტისგან გადაედოთ ვირუსი).
#12 [განახლებულია]
7 მარტი. ეს პაციენტიც იდენტიფიცირებულია. ის არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის შვილი. იგი საქართველოში დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტის შედეგად. ეს ერთადერთი ინფიცირებულია, რომელიც მკურნალობს არა თბილისის, არამედ საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ნოზაძეს ჰქონდა ხანმოკლე კონტაქტი იტალიელთან, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა. იმნაძის ინფორმაციით, იტალიელი მალევე დაბრუნდა იტალიაში
#14
9 მარტი. თბილისის ინფექციურ კლინიკაში სახლიდან შემოვიდა ვირუსის ნიშნებით მამაკაცი, რომელსაც კლინიკურად დაუდასტურდა ინფექცია. მას არსად უმოგზაურია – კორონავირუსი მას ასევე #5 პაციენტისგან გადაედო.
#15
9 მარტი. ეს პაციენტი ჩამოვიდა ესპანეთიდან, მადრიდიდან, თუმცა ასევე ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ გაურკვეველია, ეს შემთხვევა ესპანეთიდანაა შემოტანილი თუ იტალიიდან. ამ პაციენტმაც კლინიკას ბინიდან მიაკითხა და მანამდე ის თვითიზოლაციაში არ ყოფილა.
#16
10 მარტი. ეს არის კაცი, რომელიც ასევე დაინფიცირდა პაციენტი #5-სგან. მას ვირუსის ნიშნები გამოუვლინდა და ვინაიდან ჰქონდა კონტაქტი #5 პაციენტთან, იგი ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. მეორე დღეს კი, ტესტმა უკვე დაადასტურა, რომ იგი ინფიცირებულია. ეს ადამიანი ექიმებს უყვება, რომ არის “მშრომელი კაცი” რომელმაც გარკვეული სამუშაო შეასრულა #5 პაციენტისთვის, რაშიც მისგან აიღო ფულის ბანკნოტა. ამიტომ, თავად ეს ადამიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირება სწორედ ფულით მოხდა.
#17, #18, #19, #20, #21
10 მარტი. ეს ხუთივე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. ამ ხუთიდან ოთხი, პაციენტ #2-თან ერთად მოგზაურობდა იტალიაში. მას შემდეგ რაც პაციენტ #2-ს 28 თებერვალს ვირუსი დაუდასტურდა, ეს ადამიანები იზ„ოლაციაში მოაქციეს და ვირუსზე ანალიზიც აუღეს, თუმცა ტესტი უარყოფითი იყო. ისინი მაინც დატოვეს იზოლაციაში და ხელმეორედ 10 მარტს გადაამოწმეს ანალიზი – ამჯერად მათ სისხლში ვირუსი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მეხუთე შემთხვევას – იგი ბავშვია, ამ ოთხიდან ერთ-ერთის შვილი. სავარაუდოდ, 12 წლის. ბავშვს იტალიაში არ უმოგზაურია, მას ვირუსი მშობლისგან გადაედო უკვე საქართველოში, ვიდრე მშობელი იზოლაციაში მოექცეოდა.
ამირან გამყრელიძემ ამ ჯგუფს მადლობ გადაუხადა,რადგან ისინი იზოლირებულები იყვნენ და არავისთან უკონტაქტიათ.
#22
10 მარტი. პაციენტი პირობითი ნომრით 22 არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ახალი კორონავირუსი მას საქართველოში შვილისგან გადაედო. მისი შვილი ამ სიაში ნომერ მეთორმეტე პაციენტია. იური ნოზაძეს COVID-19 განმეორებითი ანალიზის დროს დაუდარტურდა. 6 მარტიდან ნოზაძე თვითიზოლაციაში იყო.
#23
მათი ავადმყოფობის ისტორიაც იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა მეტი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ ისინი მკურნალობას გადიან იმყოფებიან დასავლეთ საქართველოს კლინიკებში.
მასალის გამოყენების პირობები






