როგორც ცნობილია, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნდა ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის „ Edison Research” -ის მიერ თებერვლის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელზე დაყრდნობით „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ მოგვაწოდა მცირე ექსპრეს-ანალიზი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საკმაოდ დინამიურად ვითარდება, რაც მეტნაკლებად ადეკვატურად აისახა საზოგადოების განწყობებზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ მძიმე სურათი:
1. გამოკითხულ რესპონდენტთა 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება,
2. რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არადემოკრატიულად, ან მეტნაკლებად არადემოკრატიულად იმართება,
3. რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული,
4. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა ამომრჩეველთა მხოლოდ 29%. ეს შედეგი მმართველი პარტიისადმი ნდობის თვალსაზრისით ფაქტიურად ქვედა კრიტიკული ზღვარია, მითუმეტეს, რომ მისი რეიტინგის დინამიკა კლებადია, რაზეც მიგვანიშნებს ამავე კვლევის შედეგი, რომლის თანახმად - პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების 84% განწყობილია ნეგატიურად,
5. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის რეალურად ერთპიროვნული მმართველის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების 63% განწყობილია ნეგატიურად
გარდა ასეთი მძიმე ფონისა, მმართველი პარტიის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ალბათ კიდევ უფრო მეტად ამცირებს ის ფაქტი, რომ, როგორც გაირკვა, პარტია „ქართული ოცნება“ საზოგადოებას უკვე ვეღარ სთავაზობს რაიმე იმედისმომცემ, პოზიტიურ „დღის წესრიგს“ და უკეთეს მომავალს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობაც არ არის მარტივი, თუმცა, როგორც პოლიტიკური პროცესის დინამიკა გვაჩვენებს - დრო მაინც ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს. რა თქმა უნდა ოპოზიციის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი:
1. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მედიაციით, მიღწეულ იქნა კომპრომისი საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. ოპოზიციამ შეძლო ხელისუფლების დაყოლიება ძველი, არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე - მის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაზე და სამართლიან, პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებაზე.
2. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ერთობის ჯამური შეწონილი რეიტინგია 53%, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ შეწონილი რეიტინგი მხოლოდ 40% -ია.
3. ფაქტია, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ კარგად გააცნობიერა ამომრჩევლის მოთხოვნა ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის აუცილებლობაზე, არამედ ეს უკვე რეალურადაც განახორციელა და საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოახერხა ოპოზიციური კოორდინაციის შენარჩუნება.
4. ოპოზიციის მრავალთვიანმა მწვავე საპროტესტო აქციებმა, როგორც სჩანს მიზანს მიაღწია და გამოიწვია ფართო საზოგადოების საგრძნობლად გააქტიურება. კვლევა აჩვენებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს რესპონდენტთა 89%. ასეთი მაღალი აქტივობის შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად მცირდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების, ან სხვა რაიმე მანიპულაციების გამოყენების შანსი.
5. ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია, რითაც ივანიშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში ახერხებდა ოპოზიციასთან უპირატესობის შენარჩუნებას, ეს იყო ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ოპოზიციური პარტიის -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზება, მისგან მტრის ხატის შექმნა და მისი ხელისუფლებაში მოსვლით ამომრჩევლის დაშინება. როგორც ამ კვლევამ აჩვენა, ივანიშვილს ეს მეთოდი პრაქტიკულად ხელიდან გამოეცალა , რადგან
ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდს (2012 წლიდან დღემდე) დადებითად აფასებს მხოლოდ 43% და უარყოფითად - 57%. მაშინ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს (2004 – 2012 წწ) დადებითად აფასებს 74%, ხოლო უარყოფითად მხხოლოდ 26%.
გარდა ქვეყნის პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო ძალთა განლაგების საკმაოდ რთული და შესაძლებლობებით აღსავსე სურათისა, „Edison Research”-ის ამ კვლევამ ასევე გვაჩვენა, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, რამდენიმე ძალიან კარგი და იმედის მომცემი ტენდენცია:
1. ქვეყანაში ძალიან მაღალი პოზიტიური განწყობაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის (89%) და ამერიკის შეერთებული შტატების (85%) მიმართ, მაშინ როცა რუსეთის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობა (65%).
2. ასევე ძალიან მაღალია „NATO“ - ში გაწევრიანების მომხრეთა წილი - 85% (წინააღმდეგი კი მხოლოდ 15%)
რაც ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში გამოწვეული დემოკრატიული სისტემის გარკვეული რყევებისა, ჩვენი საზოგადოება კვლავ ინარჩუნებს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულებას და მტკიცე ნებას ქვეყნის განვითარების საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია იქეთ, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას, გააგრძელოს ინტენსიური სოციალურ- ეკონომიკური განვითარება და გახდეს ევროპული და ევროატლანტური დემოკრატიული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი“.
მასალის გამოყენების პირობები






