იტალიიდან 156 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა სპეციალური რეისი შეასრულა.
მგზავრებს წამოსვლისას უკვე ჩაუტარდათ შემოწმება და მათ კორონა ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ, თუმცა პრევენციის მიზნით ყველა მათგანი 14 დღით საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანაში 10 საკარანტინო სივრცე მოქმედებს. ჩამოყვანილი 156 მოქალაქე ამ სივრცეებში გადანაწილდება. კარანტინის შესახებ ყველა მათგანი გაფრთხილებულია.კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი.
„ტრანსპორტირებისას ჩვენ სრულიად გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მოხდეს მათი გადმოყვანა ქვეყანაში. რეისს თან ახლავს სამედიცინო პერსონალი, რათა თავიდანვე, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მათ ჩატარებოდათ სამედიცინო შემოწმება. მგზავრები ორ ბორტზე არიან განაწილებული, ეს განაწილებაც მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არც ერთს აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა შემოსვლის სკრინინგი, იქნება თერმული შემოწმება, ასევე ეპიდემიოლოგიური შეფასება და ყველა მათგანი გაივლის ორ კვირიან კარანტინს, როგორც ეს განსაზღვრულია უკვე სავალდებულოდ მთავრობის განკარგულებით.
ქვეყანაში არის 10 საკარანტინო სივრცე, მათი გადანაწილება მოხდება ამ სივრცეებში, გადაყვანა მოხდება სატრანსპორტო საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული სასწრაფო დახმარების მანქანები, თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომები, მათი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. კარანტინის შესახებ ყველა მათგანი გაფრთხილებულია. კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი, წინა რეისების გამოცდილებიდან ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ კარანტინზე და გვიწევს მათი დარწმუნება და მუშაობა. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მეც ვიმუშავებთ და განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი, როგორც მათი, ასევე მათი ოჯახის წევრების და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის.იმედი მაქვს, ყველა მოგზაური ამას გაგებით მოეკიდება და მაქსიმალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენს“ ,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ფოტო: 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები