საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად იქადაგა, მან ყურადღება ადამიანის მიერ საკუთარი ცოდვების განცდის აუცილებლობაზე გაამახვილა და მოუწოდა მრევლს მიბაძონ თავიანთ წინაპრებს, რადგან ისინი სწორედ ასე იქცეოდნენ, უფალს პატიებას თხოვდნენ თავიანთი ცოდვების გამო.
პატრიარქი თავის ქადაგებაში ოჯახის მნიშვნელობასაც შეეხო და ოჯახში მშვიდობის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი“. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს, ყოველდღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზაა სასუფეველში. „უფალო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“ - ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდება ჰქონდეს უფალს, დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლს. ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი მოგვცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი.
ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა - ეს აუცილებელია. თქვენ გახსოვთ სახარებიდან, აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადება მაცხოვარი მოციქულებს. ერთხელ გამოეცხადა მათ ისე, რომ კარები ჩაკეტილი იყო. პირველი სიტყვები, რითაც მიმართა მოციქულებს, იყო - „მშვიდობა თქვენთანა“. მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული.
დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი.
ღმერთმა ძალა და მშვიდობა მოგცეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
მასალის გამოყენების პირობები






