კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მოერიდონ ადამინებს ვინც ახველებს ან აცემინებს, დაიცვან ჰიგინური ნორმები, როგორიცაა ხშირი ხელების დაბანვა, ცხვირზე ხელსახოცის აფარება, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, საკვები პროდუქტის კარგად დამუშავება.
''გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ახლოდან ადევნებს თვალს ახალი კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა და თავის პარტნიორებთან, მთავრობებსა და გაერო-ს სხვა სააგენტოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ფონდი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით. - აღნიშნულია განცხადებაში
განცხადებაში ასევე განმარტებულია ის ქვეფუნქტები რაზეც გაერო ამახვილებს ყურადღებას.
„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია, ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
- სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ;
- თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს – და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევის განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით''- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები