"21 537 ₾ და 51 008$ თქვენი სიკეთის შედეგია" - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის გოგონასთვის გაღებულ შემოწირულობას ასახელებს
22 წლის მარიამ ოთანაძეს, რომელსაც თირკმლების მძიმე დაავადება აქვს, ხოლო მამამისმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან შვილს ვერაფრით ეხმარებოდა, მკურნალობა დაუფინანსდება. მას შემდეგ, რაც ის ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში "სხვა ნანუკა" მოხვდა, მისთვის შემოწირულობის შეგროვება დაიწყო და დღეს "ფეისბუქზე" ნანუკა ჟორჟოლიანმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა:
"მეგობრებო, ადამიანებო, კარგო ხალხო. ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ. თქვენი სიკეთის შედეგია 21 537 ₾ და 51 008$.
ლარს მაშინვე ვაკონვერტირებთ, იმიტომ რომ ახლა შედარებით დაბალი კურსია.
მოლაპარაკება მიდის ისრაელთან და ბელორუსიასთან. 70 ათასი$ გვჭირდება და თითქმის არაფერი დაგვრჩა მიზნამდე. დღეს მარიამის ძმა ხვდება ექიმებს და ამ დღეებში გახდება ცნობილი რომელი მიმართულებით გაფრინდება თქვენი გადარჩენილი გოგო. აუცილებლად განვაახლებ ინფორმაციას.
მიყვარხართ!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, მარიამ ოთანაძეს თირკმლების ქრონიკული დაავადების მე-5, ტერმინალური სტადია დაუდგინდა. "სხვა ნანუკაში" მიწვეულ მარიამს, რომელიც საკუთარ ვტრაგედიაზე ჰყვებოდა, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დარეკა და პირდაპირ ეთერში 50 კვ. მეტრის ფართის ბინა აჩუქა.
მასალის გამოყენების პირობები






