სალომე ჩიქოვანი გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, 28 წლის მიხეილ ლომსაძე დაკავებულია და გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ოჯახის წევრების თქმით, მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.
ერთ-ერთი ვესიით, მოძალადე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ის ცოლის მიმართ მუქარას არ ერიდებოდა. სისხლიანი თავდასხმის თვითმხილველი ამბობს, რომ სალომე საბედისწერო დღეს პოლიციაში საჩივრის დასაწერად მიდიოდა.
თვითმხილველების თქმით, ცოლ-ქმარი ჯერ პარკში კამათობდა, სალომე რუსთაველის ქუჩაზე გადმოვიდა, სადაც ნათესავი ელოდებოდა. ისინი აფთიქში შევიდნენ, გამოსვლისას კი 28 წლის კაცმა ცოლს დანა გამეტებით, რამდენჯერმე დაარტყა.
როგორც დაჭრილი ქალის ნათესავი ამბობს, 28 წლის მამაკაცი ცოლთან განშორების წინააღმდეგი იყო და მას მოკვლით ემუქრებოდა.
"მოკვლით ემუქრებოდა, როგორც ნათიას ისე მის დას. ნათია სწორედ ამ მესიჯების პოლიციაში მისატანად იყო ქალაქში გამოსული"- აცხადებს გოგოს ნათესავი, რომელიც საზარელ სურათს შეესწრო.
როგორც დაჭრილის ნათესავები ჰყვებიან, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ლომიძესთან დაშორება დაახლოებით 2 წლის წინ გადაწყვიტა და სახლიდან წამოვიდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
"პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ჩემს შვილს ემუქრებოდა. აყვანილიც ჰყავდათ აღრიცხვაზე, ამის მერეც დაემუქრა მოკვლით და კიდეც აასრულა"- აცხადებს დაჭრილი გოგონას დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ ყოფილა. რაც შეეხება გამოძიებას, უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






