რა უნდა ვიცოდეთ სისხლის დაავადებების შესახებ, რა რჩევებს გვაძლევს ჰემატოლოგი
ჯანმრთელობა - 12:11, 05 Mar, 2020     17240

როგორია ჰემატოლოგიური დაავადებების სიმპტომები? რომელი დაავადება გვხვდება საქართველოში უფრო ხშირად? აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ჰემატოლოგი ანა მაყაშვილი ხშირად დასმულ შეკითხვებზე გვპასუხობს.

- ძირითადად, რა ჩივილებით მოდიან ჰემატოლოგთან?

შესაძლებელია, თავდაპირველად პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს ან სხვა კლინიკური დარგის სპეციალისტს ზოგადი, არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ერთი შეხედვით რთულია, დავუკავშიროთ ჰემატოლოგიურ პათოლოგიას - მაგალითად: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა, უენერგიობა, ძილიანობა, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა; ზოგჯერ ქოშინი, გულის რიტმის დარღვევები, ტემპერატურის მატება, ღამის ოფლიანობა, კანის ქავილი, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე, ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ამა თუ იმ ცვლილების გამოვლენის შემდეგ დგება ჰემატოლოგთან რეფერალის საკითხი. აუცილებელია ანემიის მიზეზის დროული დადგენა შესაბამისი გამოკვლევებით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით და შემდგომი მკურნალობა.

- თქვენი პრაქტიკით, სისხლის რომელი დაავადებებია უფრო ხშირი საქართველოში?

- საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჰემატოლოგთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ანემია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული.

ანემია განისაზღვრება ერითროციტების რაოდენობის და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებით. დაავადება ზოგჯერ ლატენტურად-ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი პაციენტს, ძირითადად, ის სიმპტომები აღენიშნება, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

- რა იწვევს ანემიას და როგორ მკურნალობენ მას?

- აუცილებელია, განისაზღვროს, ანემია წარმოადგენს ამა თუ იმ ძირითადი დაავადების ერთ-ერთ სიმპტომს თუ ცალკეულ ჰემატოლოგიურ დაავადებას, რაც მოითხოვს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ანემიები განსხვავდება პათოგენეზით და, შესაბამისად, საჭიროებს სხვადასხვა მკურნალობას.

ძირითადად, გამოყოფენ ანემიის შემდეგ ფორმებს: სისხლის დაკარგვის, ერითროციტების გაძლიერებული დაშლის (ჰემოლიზი) და ერითროციტების შემცირებული წარმოქმნის შედეგად განვითარებულ ანემიებს.

ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. აღნიშნული ფორმები ხშირად ეფექტურად იმართება პირველადი ჯანდაცვის დონეზეც - ოჯახის ექიმის მიერ შესაძლო მიზეზის დადგენის და შესაბამისი მკურნალობის საფუძველზე.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ანემია არ ექვემდებარება მკურნალობას ან/და ანემიასთან ერთად სისხლის საერთო ანალიზში აღმოჩნდება სხვა ცვლილებები, მაგ.: თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობრივი ცვლილებები, შეინიშნება ლიმფური ჯირკვლების ან/და ელენთის გადიდება, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამის ანტიბიოტიკურ თერაპიას და რა თქმა უნდა, პარალელურად გამორიცხულია სხვა მიზეზები - ბაქტერიული/ვირუსული ინფექციები თუ პარაზიტული დაავადებები, უკვე მკაცრად დგება ჰემატოლოგის ჩართვის აუცილებლობის საკითხი.

- რა არის ორგანიზმში რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მიზეზები, რა ზიანი მოაქვს მათ დეფიციტს და რა არის გამოსავალი?

- რკინის დეფიციტი შესაძლებელია, შეგვხვდეს როგორც რკინის ფარული, ანუ ლატენტური დეფიციტი, ისე რკინა-დეფიციტური ანემიის სახით. ამის მიზეზებია: რკინის არასაკმარისი მიღება, რკინის შეწოვის დარღვევა; სისხლის დაკარგვა; გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (მაგ., ორსულობა, ლაქტაცია, მომწიფების პერიოდი).

რკინის უმთავრესი წყაროა საკვები - პირველ რიგში, ხორცი, ღვიძლი, ზღვის პროდუქტები. ორგანიზმში რკინის მარაგის შევსებაში, ასევე, დაგვეხმარება ვიტამინებით სავსე მცენარეული საკვები, ზოგიერთი პარკოსანი. ზოგადად, ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია ძვლის ტვინის სათანადო მუშაობისთვის და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

В12 დეფიციტური ანემია ვითარდება ვიტამინ В12-ის არასაკმარისი მიღებისას, შეწოვის დარღვევისას (მაგ.: ოპერაციები კუჭზე), ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების არსებობისას. აღნიშნული ვიტამინი, ძირითადად, გვხვდება ხორცში. ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვება. В12 ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებაში.

რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9), ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა. ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია საკმარისი რაოდენობის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, ხილის, ღვიძლისა და ხორცის პროდუქტებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ სინთეზური ფოლიუმის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობის პერიოდში ნაყოფისა და პლაცენტარული განვითარებისთვის - გინეკოლოგის დანიშნულების მიხედვით.

- რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ანემიის პრევენციისთვის?

- პირველ რიგში, აუცილებელია დაბალანსებული კვება, С-ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება, რაც მაგ., რკინის შეწოვას უწყობს ხელს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანმრთელ ინდივიდებში 6-12 თვეში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება; სისხლის საერთო ანალიზი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არა მარტო სისხლმბადი, არამედ ორგანოთა სხვა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე; ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადრეულ ეტაპზე იყოს აღმოჩენილი ესა თუ ის პათოლოგია, რასაც შემდეგ უფრო დეტალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები მოჰყვება; სიმპტომების გაჩენისას - დროული ვიზიტი ექიმთან; ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი და ცვლილებების აღმოჩენისას შესაბამისი, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ასევე, ცალკე გამოვყოფდი, მემკვიდრულ ჰემოლიზურ, ანუ სისხლის წითელი უჯრედების დაშლით მიმდინარე ანემიებს, როდესაც აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ოჯახურ ანამნეზზე, განსაკუთრებით ბავშვის ჩასახვამდე, რადგან შესაძლებელია, ახალშობილობიდანვე სიცოცხლისთვის საშიშ, რთულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე. ამ შემთხვევაში პრევენცია ინფორმირებულობაა.

აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში, ერთ სივრცეში ყველანაირი შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ლაბორატორიული კვლევები ტარდება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ანალიზატორებით. კლინიკას აქვს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატები, რაც უპრეცედენტოა საქართველოში და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამასთანავე, პაციენტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საჭიროებიდან გამომდინარე.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42