დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მ. ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე აღნიშნული გადაწყვეტილება გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.
ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას ეთანხმებიან. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
შეგახსენებთ, რომ მ. ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






