დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე საუბრობს და აცხადებს რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგან არ უფიქსირდება.
გამყრელიძე აცხადებს, რომ სიმპტომების არარსებობის მიუხედავად ისინი მაინც გაივლ;იან 2-კვირიან კარანტინს.
“მოქალაქეების დაბრუნება მოხდა სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად ბრძანდებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ",-განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები