ირანელმა ბიზნესმენმა მოჰამმად მაყამ ფარიმ „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მის ბიზნესს ავიწროვებენ, რის გამოც წარმოებას ხურავს და სამშობლოში, ირანში ბრუნდება.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მან საქართველოში გასული წლის სექტემბერში ფლექსოგრაფიული წარმოება ააწყო, რაც ქაღალდზე სწრაფი ბეჭდვის საუკეთესო საშუალებაა, ირანსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემოღებამ კი მის ბიზნესს პრობლემები შეუქმნა და იძულებულია წარმოება დახუროს.
მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელიუფლებას ირანის მოქალაქეებისა და მათი ბიზნესის ქვეყნიდან გაშვება აქვს განზრახული: „საქართველოში გასული წლის სექტემბერში ჩამოვედი. ჩვენ სხვადასხვა დაზგები და ბიზნესის ასაწყობად აუცილებელი მექანიზმები ირანიდან ჩამოვიტანეთ. მსგავსი დანადგარები მთელს კავკასიის რეგიონში პირველად შემოვიდა. რაც შეეხება პროდუქციას, გერმანიიდან შემოგვქონდა. ექსპორტი კი აზერბაიჯანსა და სომხეთში ხდებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ პრობლემები შეიქმნა, მე და ერთ-ერთ თანადამფუძნებელს შეგვექმნა ეს პრობლემები, პირველი ივლისიდან კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ირანის ყველა მოქალაქეს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებოდა, ვიზის მიღებას კი კვირები სჭირდება, დრო იხარჯება, ბიზნესს კი პრობლემები ექმნება.
ჩვენ დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებს მივმართეთ. რამდენიმე კვირაში ჩვენი პროდუქციის მენეჯერს დასჭირდა ვიზის გაგარძელება, თუმცა მას უარი უთხრეს. სწორედ ამიტომ მას საქართველოს დატოვება მოუწია. არ გვყავდა მენეჯერი, შესაბამისად ვერ ვაწარმოებდით პროდუქციას.
ჩვენ ბევრი შეკვეთა გვქონდა, თუმცა წარმოებას ვერ ვახერხებდით. დამკვეთები გვირეკავდნენ და მიზეზს გვეკითხებოდნენ. ჩვენი პროდუქცია დაკვეთიდან მაქსიმუმ 5 საათში მზად იყო, სწორედ ამიტომ, ჩვენს დამკვეთებს ბოდიშს ვუხდით და ვუხსნით მიზეზს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
პროდუქციის მენეჯერის შემდეგ, ანალოგიური პრობლემა დიზაინის მენეჯერს შეექმნა. მან შესაბამის ორგანოს ვიზის გაგრძელების თხოვნით მიმართა, მაგრამ მასაც უარი უთხრეს. სამ დღეში მეც დავბრუნდი, დიზაინის მენეჯერმა კი მითხრა, რომ ხელისუფლების მოთხოვნაა, ირანის მოქალაქეების ბიზნესი ერთმანეთის მიყოლებით დახურონ.
როდესაც ბიზნესი თავისუფალია, ბიზნესმენს არ უწევს იფიქროს მსგავს პრობლემებზე და შედეგად მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. ამ სიტუაციაში კი მუშაობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენი დანადგარები უკან, ირანში გავგზავნეთ და ხვალ დილით მეც ვტოვებ საქართველოს სამუდამოდ.
ეს ჩემთვის არც თუ ისე მარტივი გადასაწყვეტი იყო. მე ძალიან მიყვარს საქართველო, იგი ჩემი მეორე სახლია, ყველაფერი უკან ჩამოვიტოვე და აქ, ამ ბიზნესის კეთებით ვიყავი დაკავებული. ახლა კი ყოველივეზე უარის თქმა მიწევს და ვტოვებ საქართველოს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურ საუბარში მოჰამმად მაყამ ფარიმ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






