„ტექნოლოგიას, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს კანონიერად განახორციელოს კრიმინალების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, საქართველოში სხვა მიზნით, მოქალაქეების უკანონო მიყურადებისთვის იყენებენ“, – განუცხადა „Agence France-Presse“-ს „Ericsson“-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფრედრიკ ჰალსტანმა.
სწორედ ამ კომენტარზე დაყრდნობით წერს „ფრანს-პრესი“, რომ შესაძლოა, საქართველოს მთავრობა დიდ სკანდალში გაეხვიოს, რადგან საქართველოს მთავრობა შესაძლოა, შვედეთის გიგანტური კომპანიის Ericsson-სგან მიერ შეძენილ ტექნოლოგიებს საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის იყენებდა“.
როგორც კომპანია Ericsson-ში აცხადებენ, ტექნოლოგიები, რომელიც 2005 წელს კომპანია „ჯეოსელს“ მიყიდეს, კრიმინალების მიერ განხორციელებული საუბრების ჩასაწერად იყო განკუთვნილი, თუმცა საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიებს უკანონო მიყურადებისთვის იყენებდა.
სტატიის ავტორი ანნა-კარინ ლამპოუ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ტექნოლოგიები, რომლითაც შესაძლებელია ერთდროულად 21 000 მობილური ტელეფონის მოსმენა.
“ფრანს პრესი” ასევე ციტირებს “ჯეოსელის” აღმასრულებელი დირექტორის, პასი კოისტინენის შვედურ რადიოსთან გაკეთებულ კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მომსენები სამართლებრივი იყო.
“ჩემთვის ეს მიუღებელია და ვისურვებდი ამ კანონის შეცვლას. მაგრამ, რამდენადაც მოსმენები კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნის კანონმდებლობა”, – აცხადებს კოისტინენი.
ამ სკანდალურ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა:
"რატომ უნდა შეწყვეტილიყო მოსმენა, რა, ქვეყანა გაჩერდა, კანონი გაუქმდა თუ სასამართლოები არ არსებობს?. მოსამართლე გასცემს ბრძანებას მოსმენის ჩატარების თაობაზე. მისი ბრძანების გარეშე, მოსმენის ჩატარების უფლება მხოლოდ სამძებრო ორგანოებს აქვთ, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი აუცილებლობით არის ნაკარნახევი, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია, 24 საათში შეიტანოს ამის შესახებ განცხადება მოსამართლესთან, ასე, რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე სასამართლოს გავლენის ქვეშაა მოქცეული", - აღნიშნავს ზაქარია ქუცნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






