გია ნოდიას პოზიცია ბაჩო ახალაიას პიროვნებასთან და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში:
„ვერ ავიღებ ჩემს თავზე ბაჩო ახალაიას განაჩენის სამართლებრივ შეფასებას. ტექნიკურ დეტალებში არ ან ვერ შევალ. ჩემთვის უეჭველია, რომ ბაჩო ახალაია ძალიან რთული ფიგურაა.
მესმის ბევრი ადამიანის ანტიპათია მის მიმართ. თუნდაც მექის ქარდავასთან ასოცირება, რომლის მონაწილეობას ადამიანთა განსაკუთრებით შემზარავი ფორმით წამებაში მგონი არავინ უარყოფს, ძალიან პრობლემურია ამ ადამიანისთვის.
არც ის მინდა, რომ ბაჩო ახალაია ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ან არც ისე წამყვანი სახე იყოს. მეორეს მხრივ, მასთან პირადად ჩემი ურთიერთობის გამოცდილება - საკმაოდ მწირი - არ მაძლევს საფუძველს, რაიმე ცუდი ვთქვა.
სრულიად დალაგებულ და გონიერ ადამიანად წარმოაჩენდა თავს. რაც მე გამიგია მის საქმიანობაზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო, წყაროდან, მოწმობს, რომ საკმაოდ ეფექტური მინისტრი იყო და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.
და, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთა ჯგუფთანაც, რომელშიც მეც შევდიოდი და, ვთქვათ, ირაკლი სესიაშვილიც.
თუმცა მის სასამართლო დევნას სისტემურად ვერ ვადევნებდი თვალს, რაც კი გამიგია, ძალიან ძნელს ხდის, დაიჯერო, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურის გარდა რაიმე სხვა მოტივი ამოძრავებს. ეს მოტივი შემდეგია:
თუ ბაჩო ახალაიას, „პირსისხლიანი რეჟიმის“ სიმბოლოს, ციხიდან გამოსვლის საშუალება მივეცით, მთელი „სამართლიანობის აღდგენის“ მითოლოგია ხუხულასავით დაგვემხობა თავზე. „კორკოტები“ და მისთანები სულ გადაგვერევიან. როცა ახალაია მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში, ხელისუფლებამ ეს პირადი გამოწვევად მიიღო: რამე თუ სასწრაფოდ არ ვიღონეთ, „გავფუჭდებით“.
ამიტომ ერთ დღეში შეკერეს რაღაც საქმე, რომელიც მერე დაენგრათ, მაგრამ მთავარი ამოცანა შესრულდა: ბაჩო გარეთ არ არის. მერე, გზადაგზა იგონებდნენ სხვა საქმეებს. ერთით გაამართლებენ, რომელიღაცით ბოლოს ხომ მაინც მიუსჯიან. ერთი მოსამართლე თუ გაამართლებს, ისეთიც გამოჩნდება, რომელიც რაღაცას მიუსჯის. მერე შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მომხრეებს: ა ბატონო, მუშაობს „სამართლიანობის აღდგენა“, ბაჩო მაინც ხომ ზის.
ის, რომ საბოლოოდ სწორედ ციხის ბუნტზე ცნეს დამნაშავედ, განსაკუთრებით პრობლემურია. ვიმეორებ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ახალაიამ ციხის ბუნტის დროს რაიმე ინსტრუქცია მართლა დაარღვია, როგორც ვერ გამოვრიცხავ, რომ დიდი არაფერი დაურღვევია და ვიღაც მოსყიდული მოწმეებით „შეტენეს“ საქმე.
მაგრამ შევხედოთ პოლიტიკურად - რაც ამ შემთხვევაში გარდუვალია. ბაჩო ახალაია იყო ჩაბმული ომში კრიმინალური სამყაროს, ყველაზე დიდი ბოროტების წინააღმდეგ.
ის ჩვენ, კამონმორჩილ მოქალაქეებს, გვიცავდა კრიმინალებისაგან. თუ მან, ჰიპოთეტურად ვამბობ, ამ ომში კანონისგან რაღაც გადაცდომა გააკეთა, ის გამოდის ჩვენი „ბინძური ჰარი“: მან გადაუხვია კანონის ფორმას, რადგან სხვაგვარად იმ სიტუაციაში სიკეთე ვერ გაიმარჯვებდა, ან თავად ასე სწამდა.
შედეგი იყო ის, რომ ახალაიამ კრიმინალს წაართვა კონტროლი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე - ციხეზე, რითაც ბოროტების ეს სამყარო წელში გადატეხა.
დღევანდელი ხელისუფლება დაუპირისპირდა იმ ყოვლად უმსგავსო პრაქტიკას, რაც სააკაშვილის მთავრობამ უკვე მომდევნო ეტაპზე დაუშვა ციხეებში და რომელსაც ვერაფრით გავამართლებთ კრიმინალთან ომის ვითარებით:
ეს, უბრალოდ, ადმინისტრაციული თავაშვებულობა იყო, რაც გარდუვალად მოსდევს უკონტროლობას. ეს იმ მთავრობას და პირადად სააკაშვილს მოუშორებელ ლაქად დარჩება, და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად ამაზე ბაჩო ახალაიაც აგებს პასუხს, თუნდაც ირიბად, როგორც ამ სისტემაზე არაფორმალური გავლენის მატარებელი პირი.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა უკვე გიორგი ტუღუშმა აღმოფხვრა მისი მინისტრობის ერთ თვეში - მაგრამ გასაგებია, რომ ტუღუში სააკაშვილმა პოლიტიკური სასოწარკვეთის სიტუაციაში დანიშნა და ამას დიდ დამსახურებად ვერ ჩავუთვლით.
მოკლედ, ეს ის საკითხია, რაშიც სააკაშვილი და მისი გუნდი ცალსახად მტყუანია: ვიმეორებ, ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ თავაშვებულობას და სადიზმს გამართლება ვერ ექნება. ეს სუფთა ბოროტება იყო და არა გადაცდომა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი ამ საკითხში მტყუანი იყო, მისი მოწინააღდეგეები ავტომატურად მართლები გამოდიან. ახალმა ხელისუფლებამ მდგომარეობა კი არ გააუმჯობესა, არამედ, საზოგადოებრივი ინტერესის აზრით, გააუარესა: მან დაუბრუნა ციხეზე კონტროლი კრიმინალურ სამყაროს.
გლდანის ციხის გულისამრევი ადმინისტრაციული „ბესპრედელი“ შეიცვალა კრიმინალური სამყაროს ბესპრედელით. ენჯიო-აქტივისტის ლოგიკით პირველი უარესია, რადგან სახელმწიფოს უფრო მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ, ვიდრე კრიმინალს. ეს ლოგიკაც მესმის.
მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან, ანუ რიგითი კანონმორჩილი ადამიანის ინტერესიდან გამომდინარე, მეორე გაცილებით უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ გლდანის ციხის უფროსის მოხსნა და დასჯა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ციხის ინსტიტუციაში გამაგრებული და გათავხედებული კრიმინალური სამყაროს ისევ ალაგმვა.
ჰოდა, კრიმინალის ამ სოციალური და ინსტიტუციური რეაბილიტაციის პარალელურად ხდება მისი სიმბოლური რეაბილიტაცია: ქურდების სამყაროს დამარცხების სიმბოლო, „ბინძური ჰარი“ ბაჩო ახალაია ზვარაკად ეწირება, და ეს სწორედ ქურდების ჩვენებების საფუძველზე ხდება.
მთავრობის იურისტები დაგვაბოლებენ „კანონის უზენაესობაზე“ ლაპარაკით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: კანონმორჩილ საზოგადოებასა და ქურდულ სამყაროს შორის ბრძოლაში სახელმწიფომ მეორის მხარე დაიჭირა ჩვენს წინააღმდეგ.
ამით მან დისკრედიტირებული მოხელიდან გმირად აქცია ბაჩო ახალაია, რაც, მგონია, რომ ადრე თუ გვიან შემოუბრუნდება.“
მასალის გამოყენების პირობები






