დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებს ჰიგიენური ნორმების დაცვას.
“ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა. ბავშვებისთვის ჰიგიენური გარემოს შექმნა, ბავშვებს რომ ვასწავლოთ, ხშირად დაიბანონ ხელი, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად დალაგდეს შენობა სველი წესით, იყოს ტუალეტები მოწესრიგებული და ჰქონდეთ საპონი, “-აცხადებს გამყრელიძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO/ჯანმო) ერთობლივად მომზადებული ანგარიშის თანახმად (ასახავს 2016 წლის მდგომარეობას), საქართველოში გამოკვლეული სკოლების მხოლოდ 12% აკმაყოფილებს ჰიგიენის საბაზისო ნორმებს, სკოლების მეოთხედზე მეტს (26%) სანიტარული ნორმები საერთოდ არ აქვს დაცული, 10%-ს კი სასმელ წყალზე საერთოდ არ მიუწვდება ხელი.
კონკრეტული ანგარიშის თანახმად, აღწერილი სკოლების მხოლოდ 12%-შია ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელი, ანუ ხელსაბანი ობიექტები წყლითა და საპნით მხოლოდ ამ სკოლებში აქვთ მოსწავლეებს.
შეზღუდული ჰიგიენური მდგომარეობა სკოლათა 61%-შია — ამ სკოლებში კი არსებობს ხელსაბანი ობიექტები, თუმცა კვლევის დროს არ იყო საპონი. გამოკვლეულ სკოლათა 27%-ში საერთოდ არ არსებობს ხელსაბანი ან სხვა სახის ობიექტები, ან წყალი საერთოდ არ არის.
საჯარო სკოლებში ჰიგიენურ მდგომარეობას ეხება 2019 წელს (ასახავს 2018 წლის მდგომარეობას) სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის თანახმადც შესწავლილი 108 საჯარო სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, გამოკვლეული სკოლების
უმრავლესობაში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია და იქ ანტისანიტარული მდგომარეობაა.
“სკოლების ნაწილში მოქმედი საპირფარეშოები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია, ნაკლებ გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ. საპირფარეშოს ჯიხურებში შემთხვევათა მხოლოდ 44.4 %-შია ხელსაბანი საპონი, შემთხვევათა 26.9 %-ში- ხელსაწმენდი, ხოლო 25.9%-ში მუშაობს წყალჩამრეცხი სისტემა. საგულისხმოა, რომ შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება უფუნქციო წყალჩამრეცხ სისტემას, ანტისანიტარიას, სპეციფიკურ სუნს და ა.შ. ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ შემოწმებულ სკოლებში, უმთავრესად კი, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში, საპირფარეშოს ჯიხურები ძირითადად სკოლების შენობების გარეთ (57.4%) არის მოთავსებული. 11 სკოლაში საპირფარეშოს ჯიხურები განთავსებულია როგორც სკოლის შენობის შიგნით, ისე გარეთ,” – გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები