ვანის მუნიციპალიტეტში ყოფილი პროფ-სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1747257.46 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში 40 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 14 ერთოთახიანი და 11 ოროთახიანი და 15 სამოთთახიანი ბინის, მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.
პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 65 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 19 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია ნელ-ნელა სრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისსა და წყალტუბოში.
მასალის გამოყენების პირობები






