შეიარაღებული თავდასხმა ძმებ ფეიქრიშვილებზე - სუსმა შეკვეთილი მკვლელობის მცდელობისთვის 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა
სამართალი - 10:44, 30 Jan, 2020     3280
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძმე­ბის - გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.
საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის, გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა. საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42