2020 წელი საკმაოდ მდიდარი იქნება ასტრონომიული მოვლენებით, რაც არამარტო პროფესიონალებს, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხეში სხვა ცნობისმოყვარე ადამიანებსაც დააინტერესებს.პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 12 თვის განმავლობაში 13 სავსემთვარეობა მოხდება.
დედამიწის თანამგზავრს სხვა ფაქტებიც უკავშირდება - ჩვენ 4-ჯერ ვიხილავთ სუპერმთვარეს და ერთხელ ცაზე "ცისფერი მთვარეც" გამოჩნდება.
"სუპერმთვარე" ეს არის ასტრონომიული მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა დედამიწისა და მისი თანამგზავრის მაქსიმალურად ახლო მანძილზე მიახლოებას. ეს მოვლენა 9 თებერვალს, 9 მარტს, 7 აპრილს და 7 მაისს მოხდება. ამ დღეებში მთვარე ჩვეულებრივზე დიდად და ნათელად მოგვეჩვენება.31 ოქტომბერს კი ჩვენს ცაზე მორიგ სავსემთვარეობას ვიხილავთ, რომელსაც "ცისფერი მთვარე" ეწოდება. აქ საქმე მთვარის ფერში არ არის, უბრალოდ ამ ტერმინით ასტრონომები აღნიშნავენ ერთ სეზონში მომხდარი 4 სავსემთვარეობიდან მესამეს. როგორც მიხვდით შემოდგომაზე 4 სავსემთვარეობა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს, როგორც აღვნიშნეთ, 13 სავსემთვარეობა გვაქვს.

ერთერთი მიმზიდველი მოვლენა, რომელიც ყოველ წელს მეორდება, ეს "მეტეორების წვიმაა". ის ყოველ წელს მეორდება ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ამ დროს დედამიწა სვიფტ-ტატლის კომეტის კუდის ნარჩენებში გადის და მეტეორების დანახვისთვის არანაირი სპეცხელსაწყო არ არის საჭირო. "წვიმის პიკი" ე.წ. "წმ. ლორენცოს ცრემლები" 12 აგვისტოს ღამესაა მოსალოდნელი.


29 მაისსა და 13 ივლისს ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ულამაზესი მოვლოენა, "მანჰეტენჰენჯი" ელოდებათ - როდესაც ჩამავალი ან ამომავალი მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მანჰეტენის ქუჩებს გამჭოლად გაანათებს. მოვლენის სახელი სტოუნჰენჯს უკავშირდება, სადაც მსგავსი მოვლენა ხდება, ოღონდ მხოლოდ ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე.

14 სდა 15 დეკემბერს დედამიწა მეორე "მეტეორების წვიმას" იხილავს, როდესაც ცაზე ერთდროულად 120 მეტეორი ჩაიქროლებს წუთში, 70 კმ/წამში სიჩქარით და დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება. მაღალი სიჩქარის გამო ცაზე განათებული ზოლებიც გამოჩნდება.

ამავე პერიოდში, 14 დეკემბერს მოხდება მზის სრული დაბნელება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ჩადგება და მას სრულად დაფარავს. ეს მოვლენა ყველაზე უკეთ სამხრეთ ნახევარსფეროში გამოჩნდება.

და ბოლოს, ყველაზე ლამაზი სანახაობა - "კოსმოსური კოცნა". 2020 წლის 21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან, თითქოს ერთმანეთს კოცნიანო, თუმცა, მათ შორის მანძილი მილიონობით კილომეტრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






