11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაიული ავახაზების ავიალაინერი მისმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.
მსოფლიოს ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალების მიერ სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს.
1973 წელი - Boeing 727 ისრაელი
ლიბიური ავიაკომპანიის Libyan Arab Airlines-ის Boeing 727-2241973 წელს ეგვიპტის ქალაქ ისამალიის ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე 104 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ცოცხლად 5 ადამიანი - მეორე მფრინავი და 4 მგზავრი გადარჩა. თვითმფრინავს თავს ებრაული სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი დაესხა. ლაინერი ქაიროს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ამინდის გამო ვერ შენიშნა დაშვების შუქურა, გზა დაებნა და სინაის ნახევრაკუნძულის საჰაერო სივრცეში აღმჩნდა, რომელსაც მაშინ ისრაელი აკონტროლებდა. ავიაგამანადგურებლებმა მისი მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და სპეციალური სიგნალის მეშვეობით მას დაჯდომის ადგილი მიუთითეს, თუმცა პილოტმა ეს არასწორად გაიგო და კურსი დასავლეთისკენ აიღო. ისრაელმა გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავი გატაცებულია და მისი მიმართულებით დამიზნებითი გასროლის განხორციელების ბრძანება გასცა. დაზიანებულმა თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა და დიუნას შეეჯახა. დაიღუპა 108 ადამიანი. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ისრაელის ქმედება დაგმო. ისრაელის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს მოგვანებით კომპენსაცია გადაუხადა.
1978 წელი - Boeing 707 სსრკ, კარელია
1978 წლის 20 აპრილს საბჭოთა საჰაერო თავდაცვამ კარელიის თავზე ავიაკომპანია Korean Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელიც პარიზიდან სეულში მიფრინავდა. ნავიგაციაში დაშვებული შეცდომის გამო თვითმფრინავმა სსრკ-ს საჰაერო სივრცე დაარღვია და კოლის ნახევარკუნძულის თავზე აღმოჩნდა.
საბჭოთა ხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედროებმა ჩათვალეს, რომ ავიალაინერი სადაზვერვო თვითმფრინავი იყო. მისი მიმართულებით Су-15 გაგზავნეს, რომელმაც ხელმძღვანელობას გადასცა, რომ თვითმფრინავი სამგზავრი იყო, თუმცა მას არ დაუჯერეს და თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანეს. "ჰაერი-ჰაერის" ტიპის რაკეტის მოხვედრის შედეგად თვითმფრინავს ძრავი და ფრთა დაუზიანდა და ტბა კოპრიარვის ყინულით დაფარულ ზედაპირზე დაჯდა.
მომხდარის შესახებ ორივე მხარე ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებს იშველიებდა - ხომალდის კაპიტანი აცხადებდა, რომ Су-15 მას საერთაშორისო წესების დარღვევით, მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა, რის შემდეგადაც მან სიჩქარე შეანელა და გამანადგურებელს ანიშნა, რომ მის ბღძანებებს დაემორჩილებოდა, ხოლო საბჭოეთი ირწმუნებოდა, რომ კორეული თვითმფრინავი შესაბამის მოწოდებებს არ პასუხობდა.
გასროლის შედეგად 2 მგზავრი - კორეელი და იაპონელი მამაკაცი დაიღუპა. გადარჩენილი 107 მგზავრი მცირე ხნით კარელიაში დარჩა, რის შემდეგდაც ისინი ჰელსინკში გადაიყვანეს. თვითმფრინავის მეთაური და შტირმანი საბჭოთა კავშირში 9 დღის განმავლობაში დატოვეს. საბჭოთა მედიის ცნობით, მიუხედავად "ჩადენილი დანაშაულისა" საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ისინი შეიწყალა. ეკიპაჟის წევრების განცხადებით, მათ სსრკ-სთვის შეწყალება არ უთხოვიათ. კომუნისტურმა იმპერიამ სამხრეთ კორეისგან მგზავრების მომსახურების კომპენაციის მიზნით 100 ათასი (დღევანდელი კურსით - 392 ათასი) დოლარი მოითხოვა, რაც დღემდე გადახდილი არ არის. შეგახსენებთ, რომ იმ დროს სსრკ-სა და სამხრეთ კორეას შორის დიპურთიერთობები არ არსებობდა. დაზიანებული თვითმფრინავი საბჭოეთშ დარჩა.
1983 წელი - Boeing 747 სსრკ, სახალინი
შემდეგი შემთხვევაც სსრკ-ს მიერ Korean Air-ის თვითმფრინავის ჩამოგდებას ეხება. ავიალაინერი საბჭოთა Су-15-მა ამჯერად სახალინის თავზე ჩამოაგდო. იგი ნიუ-იორკიდან სეულში მიფრინავდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 246 მგზავრი იმყოფებოდა.
დაუდგენელი მიზეზის გამო თვითმფრინავმა კურის შეიცვალა და ნეიტრალური წყლების ნაცვლად სსრკ-ს ტერიტორიისკენ გაფრინდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ფაქტი არასწორად დაყენებული ავტოპილოტის გამო მოხდა. მან კამჩატკას გადაუფრინა და სახალინის თავზე აღმოჩნდა. ინციდენტი ღამით მოხდა.
თვითმფრინავის ეკიპაჟი გამაფრთხილებელ გასროლებზე არ პასუხობდა, თუმცა Су-15-ს პილოტმა აღიარა რომ მას ე.წ. ტრასირებული ტყვიები არ ჰქონდა, რომლებიც ღამით ნათელ კვალს ტოვებენ ცაზე. პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანეს და ორი რაკეტის მოხვედრის შემდეგ იგი ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო აშშ-ის კონკრესმენი ლარი მაკდონალდი. გვამების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, მყვინთავებმა მხოლოდ სხეულის რამდენიმე ნაწილი იპოვეს.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მომხდარს აშშ-ის განზრახული პროვოკაცია უწოდა და იგი მსოფლიო ომის დაწყების პროვოცირებაშიც დაადანაშაულა, თავად ეს ფაქტი "ცივი ომის" უკანასკნელ ფაზაში საბჭოეთსა და დასავლეთს შორის ვითარების მორიგი დაძაბვის ერთერთი ძირითადი მიზეზი გახდა. რონალდ რეიგანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამის შემდეგ სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი GPS-სისტემა სამოქალაქო პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება და ამ მიზნით კოსმოსში დამატებით რამდენიმე თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა.
1988 წელი - A300 სპარსეთის ყურის თავზე
1988 წელს მომხდარი ეს შემთხვევა, დონბასის კატასტროფამდე ყველაზე მასშტაბური მსხვერპლით გამოირჩევა - დაიღუპა 290 ადამიანი. Iran Air-ის თვითმფრინავი თეირანიდან დუბაიში მიფრინავდა, როდესაც იგი სპარსეთის ყურის თავზე ამერიკული სარაკეტო კრეისერის Vincennes-ის გემბანიდან გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. ამერიკული მხარე აცხადებდა,რომ სამხედროებმა ის ირანის შეიარაღებაში მყოფ ავიაგამანადგურებელ F-14-ად მიიჩნიეს. კრეისერის ეკიპაჟის მტკიცებით, მათ თვითმგრინავის მიმართულებით 10 გამაფრთხილებელი რადიოსიგნალი გაუშვეს, როგგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო რადიოსიხშირეებზე, რაზეც თვითმფრინავმა არ უპასუხა. ირანის მტკიცებით, ეს ამერიკელტა გამოზნული ქმედება იყო, რადგან თვითმფრინავმა გააგზავნა სიგნალი, რომ მას სამოქალაქო პირები გადაჰყავდა. რონალდ რეიგანმა ირანს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, სადაც ის მომხდარის შესახებ ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა. ირანმა და აშშ-მ ამ ფაქტზე საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ 1996 წელს მიაღწიეს - ამერიკამ იურიდიული პასუხისმგებლობა არ აიღო, მაგრამ დაღუპულთა ოჯახევს 68 მილიონი დოლარი გადაუხადა.
2001 წელი: Ту-154 შავი ზღვის თავზე
2001 წლის 4 ოქტომბერს ავიაკომპანია "ციმბირის" Ту-154 თელ-ავივიდან ნოვოსიირსკში მიფრინავდა, როდესაც ის შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს. დაიღუპა 78-ვე ადამიანი, ძირითადად ისრაელის მოქალაქე. დაღუპვის მიზეზი უკრაინის მიერ გასროლილი С-200 გახდა. ამ დროს ყირიმის ნახევარკუნძულთან რუსეთ-უკრაინის საზღვაო სწავლებები მიმდინარეობდა. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში უკრაინამ დანაშაული აღიარა. 2003 წელს მან რუსეთს 7,5, ხოლო ისრაელს 7,8 მილიონი დოლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით.
2004 წელს დასრულებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინული რაკეტა თვითმფრინავის კორპუსიდან 15 მეტრში აფეთქდა. რაკეტა დამიზნებით არ იყო ნასროლი, ის სწავლების დროს გაუშვა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ .
2014 წელი: Boeing 777 დონბასი
ყველაზე სკანდალური, ფართომასშტაბიანი და მრავალეროვანი ტრაგედია 2014 წელს დონბასის თავზე მოხდა, როდესაც Malaysia Airlines-ის Boeing 777 პრორუსმა სეპარატისტებმა და მათმა რუსმა ინსტრქტორებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი. მგზავრები ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, კანადის, ინდონეზიის, გერმანიის, ახალი ზელანდიისა და ფილიპინების მოქალაქეები იყვნენ.
საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა "დედამიწა-ჰაერი" საზენიტო კომპლექს "Бук"-იდან იყო გასროლილი, რომელიც რუსეთის არმიის საკუთრება იყო და უკრაინაში კურსკთან მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა უშუალოდ რუსეთს დააკისრეს და მასში რამდენიმე რუსი სამხედრო ოფიცერი და პრორუსი უკრაინელი სეპარატისტი დაადანასაულეს. ოთხივე დამნაშავეზე ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული და ჰოლანდიის სასამართლოში მათი საქმის განხილვა 2020 წლის 9 მარტს დაიწყება. რუსეთი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი გამოძიებას არ ენდობა, ხოლო რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რაკეტა უკრაინის სამხედრო ნაწილს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






