საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 27-29 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალი 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. მთავარი სცენა ყოველდღიურად დატვირთული იქნება ლიტერატურული ღონისძიებებით. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს უმარავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს და ფესტივალის სტუმრებს ახალ წიგნებს გააცნობს.
თიბისი პატარა მკითხველებს საბავშვო კუთხით, საახალწლო-გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით დახვდება:
შაბათ-კვირა, 13:00 -14:00, საბავშვო სივრცე - ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის წიგნის - „წიქარას" კითხვა და ილუსტრაციის შექმნის ვორქშოპი ბავშვებისთვის.
შაბათ-კვირა, 17:00 -18:00, საბავშვო სივრცე - კალიგრაფ დავით მაისურაძის ვორქშოპი ბავშვებისთვის.
კვირას, დახურვის ღონისძიებაზე ელექტრონული წიგნების სახლის - „საბა" დირექტორი - ირინა ჯავახაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე პროექტ „საბკულტურის" შესახებ ისაუბრებენ.
წიგნის საახალწლო ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები