იეჰოვას მოწმეებს სტუდენტებმა განუცხადეს, რომ მართლმადიდებლების სახელით ელაპარაკებოდნენ და ლიტერატურის გავრცელების უფლება არ ჰქონდათ.
გუშინ ბათუმში სტუდენტებმა იეჰოვას მოწმეები სცემეს, – ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ და გამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებენ.
გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ინციდენტი ბათუმში დაახლოებით 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტეტთან ახლოს, მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ სამი დაზარალებული იეჰოვას მოწმე გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად.
კახაბერ კუტალაძეს, გიორგი წიქარიშვილსა და მურმან მიქელაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სტუდენტებმა მიაყენეს, ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ იეჰოვას მოწმეების იურისტმა, იურიდიული ფირმა „კანონიერება და სამართლის“ წარმომადგენელმა მანუჩარ ციმინტიამ დაუდასტურა. ინციდენტის თვითმხილველები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
ერთ-ერთი დაზარალებული, კახაბერ კუტალაძე ამბობს, რომ მათთან მივიდნენ სტუდენტები, ბესო გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით:
„დაახლოებით 30 ადამიანი იქნებოდა, ნასვამი იყო უმრავლესობა. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ აქ დადგეთ და გაავრცელოთ ლიტერატურა, კანონს არღვევთო. მე ვუთხარი, თუ კანონს ვარღვევთ, აგერ არიან სამართალდამცავი ორგანოები და ისინი გაარკვევენ, თუ არა გვაქვს უფლება, გვეტყვიან და გადავალთ აქედან-მეთქი. აშკარად ჩხუბი უნდოდათ, ამ მოტივით იყვნენ მოსულები. ჩვენ სამნი ვიყავით. ჯერ საუბარი იყო, მინდოდა, რომ დამეშოშმინებინა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, გამიზნული ჰქონდათ აშკარად ჩვენი ცემა“, – აცხადებს კუტალაძე.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია
მასალის გამოყენების პირობები






