26 ოქტომბერს, ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართება. ღონისძიებები 12 :00 საათზე დაიწყება და 15:30 საათზე დასრულდება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ქოხში, მის სამუშაო ოთახში დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა-გასაუბრება ქართველ მწერლებთან და პოეტებთან. სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ლიტერატურის დარგში არსებული პრობლემებს, სახელმწიფოს მიდგომასა და გეგმებს შეეხება . შეხვედრას დაესწრებიან მწერლები: მიხო მოსულიშვილი, ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური და რატი ამაღლობელი.
"ვაჟაობასთან" დაკავშირებით, სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, ტურნირი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, ასევე უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა. ლუდი "მთიელის" ორგანიზებითა და ადგილობრივი ხევისბერი შავფაროსნების ჯგუფის მონაწილეობით, ჩატარდება ლუდის კოდის დალოცვის უძველესი რიტუალიც.
სპეციალურად მოწყობილ მოედანზე დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე გამომცემლობა მიიღებს. მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო რეწვის სხვადასხვა ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მის ერთ-ერთ დარბაზში კი ვაჟას თემაზე ქართველი და უცხოელი კალიგრაფისტების ნამუშევრები გამოიფინება.
"ვაჟაობასთან" დაკავშირებით გაიმართება დოღიც; დოღის შემდეგ კი დღესასწაულს დასკვნითი კონცერტი დაასრულებს.
დღესასწაულს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარიაც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






