ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინაშვილის ცოლის შესახებ წერს.
"გატაცებული ექიმის ცოლს, დღეს ოპერატორებმა სთხოვეს, თუ შეიძლება, მოიხსენით მზის სათვალე, ირეკლავს.
ქალმა უარი უთხრა - ვერა.
გვერდით ვედექი, ახლოს პროფილთან. ჩემდაუნებურად, მისი სათვალის მიღმა შევიხედე. ექიმის ცოლს თვალები ჰქონდა დასიებული.
ჰოდა, ამ ყველაფრის - პეტიციების, აქციების, გაეროს ოფისთან ხმაურის, პლაკატების, საოკუპაციო ხაზის, მოლაპარაკებების უკან, დგას ორი მთავარი რამ - მონატრება და სიყვარული.
ყველაზე მეტად ექიმის ცოლს უჭირს.
ჩვენ, დანარჩენები, უბრალოდ ვაშუქებთ ამბავს, აქციებზე ვხმაურობთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მერე ვბრუნდებით სახლებში და ჩვეულ რუტინას ვაგრძელებთ.
ექიმის ცოლი კი მზის სათვალეში მალავს თვალებს.
მინდოდა მეთქვა.
თუკი სადმე გადააწყდება ამ სტატუსს, იმედია, არ მიწყენს, რომ გავთქვი მისი მონატრება" - წერს ნინო თარხნიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






