საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მაცხოვრებლებს სასაფლაოებთან მიახლოვებას უკრძალავს. ამის შესახებ "ნიუპოსტს" სოფელ კირბალში მცხოვრებმა გაიოზ გინტურმა განუცხადა. მისი თქმით, ოკუპანტების შიშით ადგილობრივები სასაფლაოზე გასვლას ვერ ახერხებენ.
"ჩვენს მამა-პაპის საფლავზე რომ გავიდეთ და შენდობა ვუთხრათ იმის საშუალებაც კი არ გვაქვს. ჩასაფრებულები არიან რუსები და ეგრევე იჭერენ ხალხს და ცხინვალში მიჰყავთ. ჩვენს მეზობლად ტყე არის, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს. ადრე ზამთრისთვის შეშა სწორედ იმ ტყიდან მოგვქონდა, მაგრამ ახლა ვინ გაბედავს იქ მისვლას. რამდენიმეჯერ ჩვენი სოფლიდან ფიჩხის წამოსაღებად გადავიდნენ ბავშვები და ისინიც წაიყვანეს ცხინვალში. ხელისუფლებაც არაფერში არ გვეხმარება. რა ვქნათ, ძალიან გვიჭირს. როგორ გადავიტანთ ზამთარს ნამდვილად არ ვიცი. სოფლის დიდი ნაწილი დგას და ვაშლის ხეებს ჩეხავს", - აცხადებს გინტური.
გიორგი ახალკაცი, „ნიუპოსტი“
მასალის გამოყენების პირობები






