ჩინელმა ასტრონემებმა ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც არ უნდა არსებობდეს, დღემდე არსებული "ვარსკვლავური ევოლუციიის" თეორიებიდან გამომდინარე.
ობიექტი, რომელსაც სახელად LB-1 უწოდეს, დედამიწიდან 15 ათასი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული და ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებს განეკუთვნება. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც ამოწურა თავისი თერმობირთვული საწვავი და საკუთარი გრავიტაციის გამო მკვეთრად შეიკუმშა.
სწორედ აქ არის პარადოქსი - შეკუმშვის დროს ვარსკვლავი როგორც წესი ფეთქდება და თავის მასის დიდ ნაწილს კარგავს. შესაბამისად, აღმოჩენილი შავი ხვრელი მზეზე მხოლოდ ოცჯერ მასიური უნდა ყოფილიყო, თუმცა, ის მზეს 70-ჯერ აღემატება. სწორედ ამ გამოცანის ამოხსნას ცდილობენ ასტროფიზიკოსები.
ჯერჯერობით, მეცნიერებს ორი სავარაუდო ახსნა აქვთ, რომელიც დასაბუთებას საჭიროებს:
პირველი: სავი ხვრელი წარმოიშვა არა ერთი ვარსკვლავის შეკუმშვის შედეგად, არამედ ორი, ნაკლებმასიური შავი ხვრელის შერწყმის შედეგად.
მეორე: აფეთქების შეეგად ამფოფრქვეული ვარსკვლავური მატერია არ გაიფანტა კოსმოსში (როგორც ეს ხდება), არამედ კვლავ ვარსკვლავზე დაეცა. თეორიულად ეს დასაშვებია, თუმცა მსგავსი შემთხვევები ასტროფიზიკოსებს ჯერ არ დაუფიქსირებიათ.
შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილი შავი ხვრელი არ არის ყველაზე დიდი ჩვენს გალაქტიკაში. ის უბრალოდ ყველაზე მასიურია თავისი კლასის ხვრელებს შორის. ზემასიური შავი ხვრელები მზის მასას მილიარდჯერ აღემატებიან, თუმცა, მათ ფორმირების განსხვავებული მექანიზმი აქვთ. აქვე დავსძენთ, რომ შავი ხვრელის დანახვა თვალთ ან შესაბამისი აპარატურით შეუძლებელია და აქ მოთავსებული სურათი უბრალოდ მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია.
მასალის გამოყენების პირობები






