საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქყვეყნა ინფორმაცია, რომ მთავრობამ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა შეაჩერა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას, მალევე მოჰყვა გამოხმაურება და განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს საიდუმლოს გაცემად არ შეიძლება ჩაითვალოს, პრეზიდენტს არ უთქვამს ის დეტალები, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს.
"ეს არ შეიძლება შეფასდეს სამხედრო საიდუმლოს გაცემად, არ შეიძლება სამხედრო საიდულო იყოს, თუნდაც იმიტომ რომ არ ვიცი კონკრეტულად სად შენდებოდა ეს ნაგებობა, რა სიგრძე-სიგანე ჰქონდა და კოორდინატები,“ - აცხადებს თავდგირიძე. მისივე თქმით, მსგავსი ზღუდეების შემოვლება არ არის წარმატებული სამხედრო დაცვის გარანტია, თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა ადამიანური რესურსისა და თანხის უაზრო ხარჯვად შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვს ბადებს. "როგორც მედიცინაში, იცვლება მკურნალობის მეთოდები, ასევე სამხედრო სტრატეგიაშიც.
დრო, როდესაც ქალაქების ირგვლივ შენდებოდა მიწათხრილები ისტორიას ჩაბარდა. თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება იცნობს უფრო ეფექტურ და თანამედროვე ხერხებს, შესაბამისად, ამ ნაგებობის მშენებლობა, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა იქ დახარჯული რესურსი და ძალისხმევა იყო ზედმეტი.
თბილისის ირგვლივ უწყვეტი თავდაცვითი ზღუდის მოწყობა არეფექტიანია. თუ დგას ამოცანა, რომ თბილისს შეიძლება დასჭირდეს თავდაცვა, მოსახლეობაც მზად უნდა იყოს დასაცავად.
თქვენ გაგიგიათ, რომ თბილისის დასაცავად მოგვამზადონ? თუ მსგავსი საშიშროება იყო უნდა ყოფილი კომპლექსური სამზადისი.
რადგანაც მსგავსი არაფერი ხდებოდა იწვევს ეჭვს, რომ ეს არის ახირება ან რომელიმე კონკრეტული უწყების კაპრიზი. თავდაცის სამინისტრო, რომელიც აგებდა ამ ზღუდეს ვალდებულია და პასუხისმგებელია თავდაცვაზე, როცა დააყენებს მსგავსი ნაგებობის შენების საკითხს და სანამ ფულს მოითხოვს ბიუჯეტიდან, უნდა გაითვალისწინოს არა მხოლდო ნაგებობა, სხვა სახის თავდაცვაც, მაგალითად სანგრები მოქალაქეებისთვის, სტრატეგიული მარაგი და ა.შ.
თუ ასეთი კომპლექსური ღონისძიებები გატარდებოდა მაშინ ეჭვიც ნაკლებად გაჩნდებოდა, რომ ეს ვინმეს ახირებაა", - ამბობს თავდგირიძე.
მისივე განცხადებით, თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაში უფრო ეფექტურია ბრძოლის დროს სამხედროებმა საჭირო ადგილას თავად გათხარონ სანგარი და არა თავი შეაფარონ წინასწარ აგებულ ნაგებობებს.
"სჯობდა სამხედროების შესაძლებლობები იმ მიმართულებით განვითარებულიყო, რომ სანგრები თუ ტანკსაწინააღმდეგო მიწათხრილები საჭიროების მიხედვით თვითონ აერჩიათ და მოეწყოთ. ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომ სადღაც 2009 წელს გაკეთებულ სანგარში 2015 წელს შეაფაროს სამხედრომ თავი", -აცხადებს სამხედრო ქსპერტი.
თავდგირიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ქვეყნის თავდაცვის ახალი კონცეფცია და ის არ უნდა არსებობდეს ფორმალობისთვის.
"დაუყონებლივ უნდა დაიწყონ და აქამდეც უნდა დაეწყოთ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის თავდაცის ახალი კონცეფციის შემუშავება და ამის საფუძველზე ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავება.
ხელსუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქმედითი ღონისძიებები,“ - აცხადებს თავდგირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






