პატარა ანიტას დედა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და დახმარებისთვის მადლობას უხდის.
"ადამიანებო, ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ არ ვიცი ამას რა დავარქვა... დაუჯერებელია, ხალხმა ისე შეიყვარა ჩემი გოგო, რომ დღის მანძილზე უამრავი შეტყობინება შემოგვდის ახალგზარდა ადამიანებისგან, რომ მზად არიან თავისი გული დაუთმონ. სულ, სულ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სიცოცხლის გასაწირად არიან მზად. თქვენ ვინ ხართ ხალხო? ასეთი ერი მეორე სადმე არსებობს? ახლა მივხვდი რამ მოგვიყვანა აქამდე... მე არ ვიცი თქვენ რა გითხრათ, სიტყვები უძლურია. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ზრდასრული ადამიანის გული რომ გამოდგებოდეს, მე და მამამისი ვართ პირველ რიგში ყველაფრისთვის მზად! მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა, რომ ვიცი ჩემი გული არ გამოდგება, ამიტომ თირკმელს გავყიდი თუ დაგჭირდათო. მინდა იცოდეთ ასეთი მოძღვრების არსებობის შესახებაც .არასდროს მიყვარდა სტატუსებით ემოციების გამოხატვა, მაგრამ თქვენ მასწავლეთ ყველაფერი არანორმალურო ქართველებო. მიყვარხართ!!!" - წერს მარიკო სადრაძე.
ცნობისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.
ოპერაციისთვის სოციალურ ქსელში დაგეგმილი კამპანიით 147 000 ევრო შეგროვდა. საჭიროა 300 000 ევრო. ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ასვტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






