ბატონო პრეზიდენტო!
მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საშუალება მომეცით, მეამაყა საქართველოთი.
მაშინ, როდესაც თქვენ გაპარტახებული და გავერანებული საქართველო ჩაიბარეთ, სასწაულს მეც კი არ ველოდი.
თქვენ შეუძლებელი შეძელით: პირველივე დღიდან ხელები დაიკაპიწეთ და აღმშენებლობას შეუდექით.
გმადლობთ ამ პროცესისთვის.
გმადლობთ რეფორმებისთვის.
გმადლობთ, რომ საქართველო მაჩანჩალა ქვეყნიდან წარმატებული რეფორმების ქვეყნად გადააქციეთ, რაც ყველა საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. რაც უნდა იძახონ მოშურნე მეზღაპრეებმა, ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო რეალური წარმატება რეალური შედეგებით.
გმადლობთ ამისთვის.
ბატონო პრეზიდენტო, დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი ხელშესახები წარმატება გქონდათ.
გმადლობთ იმ გრანდიოზული მშენებლობებისთვის, იმ განახლებისთვის, რომელმაც ბევრ ქართველს იმედი ჩაუსახა, რომ საქართველოშიც შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის დამყარება და კანონის პატივისცემა.
მადლობელი ვარ ქურდულ მენტალიტეტთან შეურიგებელი ბრძოლის გამო. მადლობელი ვარ, რომ ქართველ ახალგაზრდას შრომისკენ და სწავლისკენ მოუწოდებდით დღენიადაგ.
გმადლობთ იმისთვის, რომ ბევრმა ახალგაზრდამ მართლაც დაინახა, რომ შესაძლებელია წარმატების მიღწევა საკუთარი შრომითa და მონდომებით.
მადლობელი ვარ, მტერ-მოყვარის გარჩევისთვის.
მადლობელი ვარ თქვენი სიტყვისთვის გაეროში - თქვენ ჩემი და ათასობით კავკასიელის სათქმელი თქვით.
ამაყი ვიყავი იმ სამადლობელი წერილის გამოც, რომელიც იორდანელმა ჩერქეზებმა გამოგიგზავნეს.
თქვენ უფრო მეტი იყავით, ვიდრე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი - თავად მსოფლიო პოლიტიკაში გათვითცნობიერებული და ჩახედული, მართებულად სწორად აფასებდით საქართველოს მისიას, ხედავდით რა მის როლს და მნიშვნელობას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ დღევანდელ მსოფლიოში. თქვენ არ გაშინებდათ მასშტაბები.
გმადლობთ იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნეთ მსოფლიოს.
გმადლობთ იმისთვისაც, რომ საქართველოს ასეთი პირველი ლედი ჰყავდა - ბევრ ქართველ ქალზე უფრო ქართველი და ნამდვილი პატრიოტი.
მე პირადად მუდამ ვიქნები მისი მადლიერი იმისთვის, რომ საქართველოში მამოგრამიის სამსახური დანერგა და ყოველმხრივ ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
სანდრამ ქართველ ქალებს თავმდაბლობის მაგალითიც მისცა და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ სილამაზე, ნიჭი, ჭკუა და ოჯახიშვილობა არ ყვირის. მას ვერც ფულით იყიდი და არც რეკლამა სჭირდება.
გმადლობთ, სანდრა!
ბატონო პრეზიდენტო, დღეს ნათლად გამოჩნდა ისიც, თუ რამდენ მოშურნეს, მტერს, ჭორიკანას, არაკეთილისმოსურნეს, ხელმოცარულობით გაბოროტებულს იყავით შეჭიდებული და, ამავე დროს, მიზანმიმართულად მიდიოდით წინ.
ჩქარობდით.
ამ სიჩქარეში დაშვებული შეცდომები თქვენ ჩემზე უკეთ იცით.
დღეს მე, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ გაკეთებულის, მიღწეულის დაუნახაობა არ იქნებოდა და მადლობის გადახდა მომინდა – გაწეული ამაგი გამო.
თქვენ ბევრი თანამოაზრე გყავთ.
ბევრი.
იმაზე უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მტერს წარმოუდგენია.
ამისთვისაც გიხდით მადლობას.
და მომავალ წარმატებებს გისურვებთ.
ნანა ხიზანიშვილი, ვაშინგტონი.
მასალის გამოყენების პირობები






