თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა.
სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
რაც შეეხება სასამართლოში საქმეთა განაწილებასთან მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






