გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებმა, დღეს, შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში გამართეს. ენგურისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართული საუბრები იქ არსებულ სოციალურ ვითარებას, საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებს შეეხო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, ზოგადი პრობლემატიკა, ამ რეგიონშიც, იგივეა - გაზიფიცირება, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებები.
„ზოგადი პრობლემატიკა აქაც გვხვდება. ეს არის გაზის შეყვანასთან, მრიცხველების განმხოლოებასთან დაკავშირებული საკითხები,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ, - „წყალმომარაგების პრობლემა ამ ტერიტორიაზე ნაკლებად არის, კეთდება გზები, თუმცა, არსებობს სხვა ტიპის საჭიროებები და ჩვენ სწორედ მათ დასაზუსტებლად ჩამოვედით აქ. ჩამოვედით, რომ მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, კომისიის შემდგომ სხდომაზე გავიტანოთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები, განვიხილოთ და უწყებების მიხედვით დავგეგმოთ მათზე რეაგირება.“
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემდგომი სხდომა 29 ოქტომბრისთვისა არის ჩანიშნული.მასალის გამოყენების პირობები






