სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“ თარგმნა მარინა თოფურიძემ
არ გასულა რუსეთ-საქართველოს ომის ცხელი ფაზის (2008 წლის 5-22 აგვისტო) არც ერთი წლისთავი ისე, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ავტორებს არ გაეზიარებინათ ახალი დეტალები, თუ რა, როდის და როგორ გააკეთეს. გამონაკლისი არც წლევანდელი, მე-4 წლისთავი აღმოჩნდა, რომელიც როგორც მაღალჩინოსანი რუსი გენერლების, ისე ორივე პოლიტიკური ლიდერის თვითმხილებათა ტალღით აღინიშნა. დავიწყოთ დიმიტრი მედვედევით.
კიდევ ერთხელ გადავხედოთ მის არაერთგზის ციტირებულ კომენტარს: „რა შემიძლია ვთქვა ამის თაობაზე? ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო აუცილებელი, მიღებულ იქნა სწორედ მაშინ, როცა საჭირო იყო ამის გაკეთება. იქიდან გამოვდივარ, რომ ეს გადაწყვეტილებები იმ მომენტისათვის უცხო სახელმწიფოს ეხებოდა - სახელმწიფოს, რომელსაც 26 მაისამდე საქართველოდ ვაღიარებდით...
ეს მოხდა 7 აგვისტოს ღამით. შემიძლია გითხრათ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმც არაერთხელ მითქვამს და, როგორც ჩანს, ეს რატომღაც ორთქლდება ხალხის მეხსიერებიდან, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ქართული არმიის მიერ აქტიური მოქმედებების დაწყებიდან 2,5 საათის შემდეგ მივიღე.
უფრო ადრე - არასწორი იქნებოდა: ეს იყო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილება, გიმეორებთ, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ არც უფრო გვიან!
გამაკვირვა ზოგიერთმა კომენტარმა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება გაიწელა. ეს ყველაფერი სიცრუეა. სარაკეტო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილება დილის 4 საათზე მივიღე და მან, ვინც სხვას ამტკიცებს, ან არ იცის რეალური მოვლენები, ან მათ შეგნებულად ამახინჯებს, მიუხედავად იმისა, იმხანად მსახურობდა თუ არა“.
ვინაიდან ეს განცხადება, როგორც ცნობილია, არცთუ ჩვეულებრივ გარემოებებში გაკეთდა, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ მომენტში ინფორმაციის დამახინჯების სურვილი მედვედევს ნაკლებად უნდა ჰქონოდა.
კომენტარის წარმოთქმის მომენტიდან განვლილი დროის მანძილზე არც გენერლები და არც მათი ამჟამინდელი მთავარსარდალი გამოსულან მედვედევის განცხადების უარყოფითა თუ შენიშვნებით. ამდენად, გამორიცხული არ არის, რომ ის, რაც თქვა მედვედევმა, ახლოა იმასთან, რაც სინამდვილეში ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში, თავად მედვედევის თვალსაზრისით.
ამასთან დაკავშირებით, განცხადებიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვის ფორმულირება შეიძლება და ვცადოთ მათ ვუპასუხოთ.
1. იყო თუ არა მედვედევის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი? მისი სიტყვებიდან გამომდინარე, მედვედევმა არა ერთი, არამედ რამდენიმე („...ჩემი გადაწყვეტილებები მივიღე“) გადაწყვეტილება (გასცა ბრძანება, განკარგულება) მიიღო.
2. როდის მიიღო მედვედევმა „თავისი გადაწყვეტილებები“? ცხადია, რომ „აუცილებელი გადაწყვეტილებების“ მიღების დროის მონაკვეთმა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამის პირველი საათიდან დილის 4 საათამდე ხანგრძლივობა შეადგინა. ამასთან, დროის უფრო ზუსტი იდენტიფიცერება იმითაა გართულებული, რომ გაუგებარია, რას ეძახის მედვედევი ქართული არმიის „აქტიურ მოქმედებებს“, რომელთა დაწყებიდან თავის გადაწყვეტილებებამდე მან 2,5 საათი აითვალა.
„აქტიური მოქმედებების“ ქვეშ თუ ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნას ვიგულისხმებთ, ის 7 აგვისტოს 23.35-ზე დაიწყო; თუ ქალაქში ქართული ჯარის შესვლას, ის 8 აგვისტოს დილის 5.30-5.50-ზე განხორციელდა.
რადგან მედვედევი დილის 4 საათზე, „სარაკეტო დარტყმის“ განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, აშკარაა, რომ ტერმინ „აქტიური მოქმედებების“ ახსნის მეორე ვარიანტი (ცხინვალში შესვლა) უნდა გამოვრიცხოთ.
მაშინ გამოდის, რომ თავისი პირველი გადაწყვეტილება (რუსული შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ) მედვედევმა, მისივე თქმით, 8 აგვისტოს ღამის დაახლოებით 2 საათზე მიიღო (გასცა ბრძანება).
ბრძანებების გაცემის ეს დრო ასევე შეესაბამება 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამის მოვლენებზემის მიერვე არაერთხელ მონაყოლს:
„ღამის პირველ საათზე დამირეკა თავდაცვის მინისტრმა... და მეუბნება: „ქართველებმა ოსებს გადასცეს, რომ ომის დაწყებას აპირებენ“. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სიახლე არ იყო... მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ მოძრაობდა, - ჩვენ ხომ ამას ვუთვალთვალებდით, - მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია... სინამდვილეში, ჩვენ ვითმენდით, ვიდრე მათ არ დაუშინეს სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი ქალაქს... და მხოლოდ ამის შემდეგ, რეალური თავდასხმის შემდეგ მომიწია ბრძანების გაცემა, რათა გვეპასუხა“.
ამრიგად, გამოდის, რომ მედვედევმა იმ ღამით მიიღო გადაწყვეტილებათა არა ნაკლებ ორი პაკეტისა: პირველი („აუცილებელი გადაწყვეტილებები“) - ღამის დაახლოებით 2 საათზე, მეორე - სარაკეტო დარტყმის შესახებ - დილის 4 საათზე.
3. ერთსა და იმავე გადაწყვეტილებაზე (განკარგულებაზე) ხომ არ საუბრობდა მედვედევი ორივე შემთხვევაში? ამ ვარიანტის სრულად გამორიცხვაც არ შეიძლება. მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს. ჯერ ერთი, თავად მედვედევმა გაყო „აუცილებელი გადაწყვეტილებები“, რომელთა შინაარსიც საჯაროდ არანაირად დაუხასიათებია, და „სარაკეტო დარტყმის განხორციელების გადაწყვეტილება“, რომლის შინაარსიც აღწერა.
ბუნებრივია, ყველა სახის შეიარაღებული ძალებისა და საშუალებების გამოყენება არ დაიყვანება მხოლოდ სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე. მეორე, მედვედევი განკარგულების გაცემის დროის შეუსაბამო მახასიათებლებს იძლევა: პირველ შემთხვევაში - „2,5 საათის შემდეგ“ ქართული არმიის აქტიური მოქმედებების დაწყებიდან, მეორე შემთხვევაში - „დილის 4 საათზე“.
მესამე, იმისათვის, რომ პირველი გადაწყვეტილებების მიღებისა და მედვედევის მეორე განკარგულების გაცემის დრო შესაბამისობაში მოვიდეს (დილის 4 საათი), საჭირო იქნებოდა, რომ ქართულ არმიას თავისი „აქტიური მოქმედებები“ ღამის ორის ნახევარზე (1.30) დაეწყო.
მაგრამ ღამის ორის ნახევარზე არ ყოფილა ქართული შეიარაღებული ძალების რაიმე განსაკუთრებული „აქტიური მოქმედებები“. ცხინვალში სამხრეთოსური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი ამ დრომდე ორი საათით ადრე გაიხსნა, ხოლო ქალაქში ჯარი ამ დროიდან 4 საათის შემდეგ შევიდა.
მეოთხე, „აქტიური მოქმედებების“ დასაწყისად სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის ვ. ბოლდირევის მიერ ვლადიკავკაზში ვ. პუტინისადმი 2008 წლის 9 აგვისტოს რაპორტში დასახელებული დროც რომ მივიჩნიოთ („7 აგვისტოს შუაღამე“), მედვედევის მიერ „აუცილებელი გადაწყვეტილებების“ მიღების დრო ღამის სამის ნახევარზე მოდის. რომელიც დილის 4 საათს ასევე არ ემთხვევა.
4. აქვს კი მნიშვნელობა რა დროს გასცა მედვედევმა ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ? აქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ერთადერთი ბრძანება თუ ამგვარი ბრძანება იყო რამდენიმე, ისინი ღამის 2 საათზე, სამის ნახევარზე თუ დილის 4 საათზე გაიცა, ყველა ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე,
მათ შორის, სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე, მედვედევმა 8 აგვისტოს დილის 4 საათამდე გასცა: „ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო აუცილებელი, მიღებულ იქნა სწორედ მაშინ, როცა საჭირო იყო ამის გაკეთება...
ჩემი გადაწყვეტილებები 2,5 საათის შემდეგ მივიღე მას მერე, რაც ქართულმა არმიამ აქტიური მოქმედებები დაიწყო... სარაკეტო დარტყმის შესახებ გადაწყვეტილება დილის 4 საათზე მივიღე“.
5. დასკვნები, მედვედევის მიერ განკარგულებების გაცემის დროიდან გამომდინარე. საქმე არა მხოლოდ ისაა, რომ რუსეთის მიერ აღიარებულ უცხო ქვეყანაზე (რაც მედვედევის მიერ არაერთხელ იყო ხაზგასმული) თავდასხმის განხორციელების შესახებ მედვედევის განკარგულებები იყო ანტიკონსტიტუციური, რადგან გაიცა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოველგვარი განხილვისა და ამ უკანასკნელის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
და არა მხოლოდ ის, რომ მედვედევის ეს განკარგულებები გაიცა თუგინდ რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოველგვარი განხილვისა და თუნდაც ამ ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ მედვედევის მიერ ამ განკარგულებების გაცემის დროის მდგომარეობით არანაირი სამხედრო მოქმედებები რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამშვიდობოების ჩათვლით, - არც მათი მხრიდან და არც მათ წინააღმდეგ - ჯერ არ მიმდინარეობდა. 8 აგვისტოს დილის 4 საათზე, - როცა (ყველაზე გვიან) მედვედევმა გასცა თავისი განკარგულებები - ყველა რუსი სამშვიდობო ჯერ ისევ ცოცხალი იყო. პირველი საბრძოლო შეტაკებები რუსი სამხედროების მონაწილეობით დილის 6 საათზე დაიწყო.
ქართული ტანკების მოძრაობის დაწყების დროდ პუტინიც კი დილის მხოლოდ 5.20-ს ასახელებს, ანუ, საქართველოსათვის სარაკეტო ცეცხლის გახსნის შესახებ მედვედევის განკარგულების გაცემიდან თითქმის საათნახევრის შემდეგ. დილის 7.38-ზე ცხინვალიდან „ინტერ ფაქსის“ კორესპონდენტმა გადმოსცა: „რუს სამშვიდობოებს შორის დაღუპულები და დაჭრილები არ არიან“.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დილის რვის ნახევარზე არც ერთი რუსი სამშვიდობო არ იყო დაღუპული - ანუ არ იყო ფაქტი, რომელსაც მედვედევი და ოფიციალური პროპაგანდა და ტალიავინიც შემდგომში დაასახელებენ როგორც მიზეზს, საფუძველს, საბაბს საქართველოში რუსეთის ჯარის შეყვანის გასამართლებლად. თუმცა, განკარგულებები განადგურებასა და საპასუხო მოქმედებებზე, საქართველოსათვის სარაკეტო ცეცხლის გახსნაზე მედვედევის მიერ უკვე იყო გაცემული. პირველი რუსული რაკეტა SS-21 (Точка-У) დილის 7.30-ზე ჩამოვარდა ბორჯომში.
რუს სამშვიდობოებს შორის დაჭრილებიცა და დაღუპულებიც მედვედევის მიერ მისი განკარგულებების გაცემის შემდეგ გაჩნდნენ, და არა მანამდე. დაჭრილების შესახებ პირველი შეტყობინება 9.44-ზე გამოჩნდა, დაღუპულების შესახებ - 11.54-ზე. და ათეულობით რუსი სამხედრო მოსამსახურე, ასეულობით ქართველი და ოსი დაიღუპა იმიტომ, რომ ნაცვლად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა, ნაცვლად სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებათა ესკალაციის შესაწყვეტად სააკაშვილის მიმართვებზე, მოწოდებებზე, თხოვნებსა და ზარებზე პასუხისა მედვედევმა არა მარტო ყურმილი არ აიღო, არამედ რუსეთის ჯარს სამხედრო მოქმედებების დაწყება უბრძანა:
გადაწყვეტილება სარაკეტო დარტყმების შესახებ ჩემს მიერ დილის 4 საათზე იყო მიღებული“. მედვედევის „აუცილებელი გადაწყვეტილებების“ შედეგი კარგადაა ცნობილი - აგრესია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, ათასზე მეტი დაღუპული, ათასობით დაჭილი, უზარმაზარი მატერიალური ზარალი. მაგრამ სწორედ ეს იყო პუტინისა და მედვედევის ჩანაფიქრი. მათ ომი სჭირდებოდათ, რომლის მიზნები - საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაუშვებლობა და სხვა პოსტსაბჭოთა მეზობლებისთვის „გაკვეთილის“ დემონსტრირება - მათ ეს არც დაუმალავთ, რის გამოც ცინიკურად გაიღეს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე.
მისი ბოლო განცხადებით მედვედევმა ყველა იმ თავისი განცხადების სრული დეზავუირება მოახდინა, სადაც ომის დაწყების გადაწყვეტილების საფუძვლად სამშვიდობოების დაღუპვას ასახელებდა. საქართველოზე თავდასხმის ბრძანება მის მიერ მაშინ იყო გაცემული, როცა ყველა მშვიდობისმყოფელი ჯერ ცოცხალი იყო. ომის დაწყების არც მიზეზი, არც საფუძველი, არც საბაბი მედვედევს არ ჰქონდა, მისი საკუთარი კრიტერიუმებითაც კი.
კარგა ხანია ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს ომს დიდი ხნის მანძილზე და საგულდაგულოდ ამზადებდა, შემდეგ კი ცივსისხლიანად დაიწყო რუსეთის ხელმძღვანელობამ. ამის მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები იქნა შეკრებილი და გასაჯაროებული. ახლა ეს მედვედევმაც აღიარა.
არ გასულა რუსეთ-საქართველოს ომის ცხელი ფაზის (2008 წლის 5-22 აგვისტო) არც ერთი წლისთავი ისე, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ავტორებს არ გაეზიარებინათ ახალი დეტალები, თუ რა, როდის და როგორ გააკეთეს.
გამონაკლისი არც წლევანდელი, მე-4 წლისთავი აღმოჩნდა, რომელიც როგორც მაღალჩინოსანი რუსი გენერლების, ისე ორივე პოლიტიკური ლიდერის თვითმხილებათა ტალღით აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






